გიორგი მარგველაშვილი ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტს ოლემიკ ტომესენს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო რეგიონალური უსარფრთხოების საკითხებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას, მათ შორის რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებულ ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერას.
“ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ოლემიკ ტომესენს ნორვეგიის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ქვეყნის დემოკრატიიზაციის პროცესში გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობას. ოლემიკ ტომესენს ასევე მადლიერება გამოხატა მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისათვის, კერძოდ ნატოს სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობისთვის. შეხვედრისას ასევე ისაუბრეს 2015 წლის მაისში რიგაში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მნიშვნელობაზე და ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გზებზე.მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღმავდება და გაძლიერდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.