პირი, რომელიც თერჯოლის გამგებელს ფიზიკურად დაუპირისპირდა, დაკავებულია

სამართალდამცველებმა ის პირი დააკავეს, რომელმაც თერჯოლის გამგებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

თერჯოლის გამგებელსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის დაპირისპირება დღეს მოხდა. “კვირას” ინფორმაციით, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც როსტომ გავაშელიშვილი გამგებლის თემურ ჯაფარიძის კაბინეტში შევიდა და პასუხი მოსთხოვა იმაზე, რომ ის არ დაასაქმეს გამგეობაში.

როგორც ჯაფარიძემ “კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, როსტომ გავაშელიშვილმა გამგეობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში საკმარისი ქულები ვერ დააგროვა და შესაბამისად, ვერ დასაქმდა. “მოქალაქე როსტომ გავაშელიშვილი ჩემ კაბინეტში ნასვამ მდგომარეობაში შემოვიდა, გააპროტესტა, რომ გამგეობაში ვერ დასაქმდა, მე მას ავუხსენი, რომ კიდევ გამოცხადდება კონკურსი და თუ დასაქმება სურს, კიდევ მიიღოს მონაწილეობა და მოსინჯოს ძალები, თუმცა ის კვლავ განაგრძობდა ხმამაღალ საუბარს, რის შემდეგაც დაცვამ დაატოვებინა ჩემი კაბინეტი“, – აღნიშნა “კვირასთან” თერჯოლის გამგებელმა.

თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ გავაშელიშვილმა გამგებელს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ როსტომ გავაშელიშვილი “ქართული ოცნების“ წევრია, თემურ ჯაფარიძე არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ის ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები