რატი აბულაძე: ეროვნული ბანკის აქტივობამ ვალუტის კურსის სტაბილიზაციაზე დროული გავლენა ვერ მოახდინა
ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება, ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამომწვევი მიზეზები, მთავრობის თუ ეროვნული ბანკის არაეფექტური მოქმედება – ამ და სხვა საკითხებზე “კვირასთან“ ინტერვიუში ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი რატი აბულაძე საუბრობს.
– გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ სწრაფი დევალვაციის პირობებში, ლარის გაუფასურების ემოციური შემადგენლის განეიტრალებაში ეროვნულ ბანკს მეტი წვლილის შეტანა შეეძლო, სახელისუფლებო გუნდის ნაწილის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ გიორგი ქადაგიძე უმოქმედობით საბოტაჟს ეწეოდა. როგორ ფიქრობთ, ლარის კურსის ცვლილების პროცესში ეროვნული ბანკი უფრო მეტად უნდა ყოფილიყო ჩართული?
– საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს მონეტარულ პოლიტიკას, რომლის ძირითადი მიზანი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნებაა. ამისათვის, ეროვნული ბანკი ფლობს ძირითად ინსტრუმენტებს კურსის ცვლილებების პრევენციისათვის. ასევე, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას გააჩნია ფსიქოლოგიური ეფექტი. ეროვნული ბანკის ნებისმიერი ღონისძიება ერთგვარი სიგნალია, რომელზეც რეაგირებს როგორც კორპორაციული სექტორი, ისე საზოგადოება.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, პირველ რიგში, ძირს უთხრის ეროვნული ვალუტისადმი, ეკონომიკისადმი, პოლიტიკისადმი ნდობას.
მთავრობისა და ეროვნული ბანკის ურთიერთბრალდების პროცესი, მსგავსია იმ ერთი მეცხვარის ამბისა, „რომელმაც გუდაში კატა ჩასვა და ჩამოჰკიდა; სამი დღე ცხვრებს კატის ყურებაში და ჩხავილში ჭამა დაავიწყდათ“. დღეს ასეთი პროცესებით ცდილობენ საზოგადოების ყურადღების გადატანას ისეთ საკითხებზე, რომელიც ფაქტობრივად დროის გაყვანას ემსახურება, ნაცვლად იმისა, რომ აქცენტი გაკეთდეს ქმედითი ღონისძიებების გატარებაზე, შემუშავდეს ანტიკრიზისული გეგმები, მოხდეს ეკონომიკური აქტივობის სტიმულირება, საზოგადოებამ დაინახოს ეფექტური მმართველობითი გადაწყვეტილების შედეგი.
სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის აქტივობამ დროული გავლენა ვერ იქონია ვალუტის კურსის სტაბილიზაციაზე (რაც აისახა მწარმოებლურობაზე, სამომხმარებლო მოთხოვნის ცვლილებაზე, ეკონომიკური აქტივობის მდგრადობაზე). ამიტომ, სანამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტის ტრიბუნებიდან (1 თვის მერე) გვამცნობს ლარის დევალვაციის გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციის ღონისძიებებს, მანამდე მან უნდა გაათვიცნობიეროს, რომ ის ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე. საზოგადოებას აინტერესებს არა მხოლოდ მიზეზები, არამედ ლარის კურსის მოსალოდნელი ცვლილების დონე.
საბოლოოდ, შეიძლება საკითხის ფორმულირება ამგვარად, ქვეყანაში ფულად-საკრედიტო სტაბილურობის, ნდობისა და მოლოდინის დონის შენარჩუნებისათვის განხორციელებული პოლიტიკის თავსებადობის რწმენა დაბალია.
– რას იტყვით საგარეო შოკების ფაქტორზე? მმართველი გუნდი ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ გარე ფაქტორებს ასახელებდა…
– ევროპულ-რუსული ურთიერთობებით გამოწვეული დესტაბილიზაციის პირობებში, პოზიტიური სცენარის პროგნოზირება რთულია.
შესაბამისად, რეგიონული ეკონომიკური არასტაბილურობა საქართველოზე გავლენას იქონიებს გრძელვადიან პერიოდშიც. ამასთან, საგარეო შოკები წარმოადგენს ლარის გაუფასურების მიზეზსაც და სიმპტომსაც. გლობალური გამოწვევების პირობებში, აღნიშნული შოკების განმეორების ალბათობა მაღალია.
ფაქტია, რომ ქართული ლარის გამყარების ძირითადი ბაზისია ეკონომიკური აქტივობა, უცხოური ვალუტა (ინვესტიციები, კრედიტები, გრანტები, საერთაშორისო ვაჭრობა, გზავნილები). დაბალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები პროცესების დარეგულირებას პრივატიზაციის პროცესის გააქტიურებით, მონეტარული ინექციით, სავალუტო რეზერვების გამოყენებით, სავიზო რეჟიმის შემსუბუქებით, ტურიზმით და სხვა საყოველთაოდ აღიარებული პროცესების გააქტიურებით ცდილობენ.
აღნიშნული პროცესები პრევეციის ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში. თუმცა, აღნიშნულის გარდა, მნიშვნელოვანია ისეთი სახელმწიფო სისტემის ფორმირება, რომელიც გლობალური შოკების პირობებში, როგორც ვალუტის სტაბილურობის, ისე ქართული ეკონომიკის მდგრადობისათვის იქნება პასუხისმგებელი.
უნდა აღინიშნოს, რომ მართალია ეკონომიკური რყევების გამომწვევი შოკების პროგნოზირება რთულია, თუმცა პრევენციის მექანიზმების წინასწარ განსაზღვრა, ანტიკრიზისული გეგმების შემუშავება აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა.
ამიტომ, აღსანიშნავია, რომ გლობალური გამოწვევების პირობებში, ეკონომიკური აქტივობის დაჩქარებისათვის, ერთ-ერთი გამოსავალი ნოვატორულ ეკონომიკურ პოლიტიკაში, სტრუქტურულ რეფორმებში, საკადრო პოლიტიკასა და ახალი პოლიტიკური საზოგადოების შექმნაში მდგომარეობს (რომელიც მეცნიერებით იქნება დაკომპლექტებული).
– ინვესტორების ნაწილი, შესაძლოა, მოგების გადასახადისგან გათავისუფლდეს. როგორ უყურებთ საქართველოს მთავრობის ამ ჩანაფიქრს?
– საქართველო, რეგიონში ცდილობს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო შექმნას. თუ გავითვალისწინებთ ქართული ბაზრის სიდიდეს (მოსახლეობა მხოლოდ 4.49 მლნ-ია), მოსახლეობის დიდი ნაწილის მსყიდველობითუნარინობის დაბალ დონეს, შენელებულ ეკონომიკურ აქტივობას, „შიდა ინვესტირების სიძუნწეს“, გამოუყენებელ ეკონომიკურ და საექსპორტო პოტენციალს, ქვეყანაში ინვესტორების შემოსვლისა და ბაზრის საინვესტიციო მიმზიდველობისას ეფექტურია ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება, განსაკუთრებით გადასახადებისაგან განთავისუფლება.