“ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები“ მოქალაქეებს მოუწოდებს, აქციაში მონაწილეობისგან თავი შეიკავონ

„ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები“ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ 21 მარტის აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები“ იმ მოქალაქეებს მოუწოდებენ, ვინც დღეს აქციაზე დასწრებას აპირებს, რომ არ წავიდნენ რუსთაველის გამზირზე და „ნაციონალური მოძრაობის“ ამორალურ კამპანიაში მონაწილეობა არ მიიღონ.
„ჩვენ ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები, მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც აპირებენ ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მისვლას, ნუ მიიღებენ მონაწილეობას მათ ფუჭ და ამორალურ კამპანიაში. სამწუხაროდ, 2012 წლის არჩევნების და სახელისუფლებო ცვლილებების მიუხედავად არ მომხდარა ნაციონალური მოძრაობის ავტორიტარული რეჟიმის გააზრება. ნაციონალური მოძრაობის მთავარი დანაშაული, რომელიც ადამიანის უფლებების უგულელყოფასთან ერთად მათ მიერ გატარებული ეკონომიკურ რეფორმების ფატალურობაში მდგომარეობდა, ფაქტობრივად არ გამხდარა განსჯის საგანი. ამ რეფორმების შედეგად გაიზარდა სოციალური უთანასწორობა და უმუშევრობა. უკნტროლო პრივატიზაციამ და ეკონომიკის, განსაკუთრებით შრომის ურთიერთობების დერეგულაციამ ხელი შეუწყო მთელი ეკონომიკური რესურსის მოსახლეობის მცირე, ელიტური ნაწილის ხელში კონცენტრაციას. სოციალური უსაფრთხოება, ჯანდაცვა და განათლება საზოგადოების ვიწრო ჯგუფისათვის განკუთვნილ ფუფუნების საგნად იქცა.
არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ის პოლიტიკა, რაც განათლების სივრცეში ხორციელდებოდა, როდესაც უნივერსიტეტებიდან პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდნენ ლექტორები, ხოლო მეცნიერებისა და განათლების დაფინანსება საერთოდ იქნა იგნორირებული. პოლიტიკური რეპრესიები, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ხალხის მანიპულირება, პოლიტიკური ოპონენტების მტრებად და აგენტებად გამოცხადება, სამართალდამცავი ორგანოების დრაკონული უფლებებით აღჭურვა, რასაც შეეწირა უამრავი უდანაშაულო ახალგაზრდის სიცოცხლე, სწორედ ამგვარი პოლიტიკის შედეგად წარმოქმნილი საზოგადოებრივი უკმაყოფილების ჩახშობასა და ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურებოდა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს საკადრისი განაჩენი გამოუტანა ქართველმა ხალხმა ნაციონალური მოძრაობის ავტორიტარულ რეჟიმს. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, უკეთესად გაიაზრონ ჩვენი ახლო წარსული, ვიდრე, ნებით თუ უნებლიეთ, გახდებიან ნაციონალური მოძრაობის მანიპულირების საგანი“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები