მანანა კობახიძე: არავითარი კავშირი ამ ინფორმაციას “ნდობის ჯგუფის” მუშაობასთან არ აქვს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განმარტებით, შსს-დან ინფორმაციის გაცემის ბრალდებით გათავისუფლებული პოლიციელის მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრება საკმარისი არ არის. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ საქმეში დანაშაულის უფრო ღრმა ნიშნები ჩანს, ამიტომ აუცილებელია მისი ბოლომდე გამოძიება.
„ეს არის სადეპუტატო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, არ შეიძლება დეპუტატი ასე იქცეოდეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და იყენებდეს პოლიციას. პოლიციელის მხრიდანაც აქვს ადგილი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურიდან გათავისუფლება არ არის საკმარისი. არ შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ასე გაედინებოდეს. თუმცა, აქ ჩართულია დეპუტატიც და ეს ძალიან სამარცხვინოა. არავითარი კავშირი ამ ინფორმაციას “ნდობის ჯგუფის” მუშაობასთან არ აქვს.
მითუმეტეს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ცალკეულ წევრს არ აქვს უფლება, მოიპოვოს თუნდაც ეს ინფორმაცია, რაც ეკუთვნის “ნდობის ჯგუფის” უფლებამოსილებას. თუკი ორი წლის მანძილზე ინფორმაციის გადინება ხდებოდა, აქამდე უნდა მომხდარიყო ამ ყველაფერის მოკვლევა. ამითაც უნდა დაინტერესდეს გენინსპექცია. სამსახურებრივი დისციპლინური პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ადეკვატური არ არის. პროკურატურის ფუნქციებში არ შევიჭრები, მაგრამ, ჩემი აზით, აქ ღრმა დანაშაულის ნიშნები უნდა იყოს”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრთან გივი თარგამაძესთან თანამშრომლობის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი სამსახურიდან დაითხოვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადება გენინსპექციის უფროსის მოადგილემ ვარლამ ხათრიძემ გააკეთა. შსს-ის ცნობით, ბაზიაშვილი თარგამაძეს ინფორმაციებს სისტემატურად აწვდიდა.
დეპუტატ გივი თარგამაძის განცხადებით, შსს-დან გათავისუფლებული თანამშრომელი მას გარკვეულ ინფორმაციებს აწვდიდა, როგორც დეპუტატსა და ნდობის ჯგუფის წევრს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები