დენდროპარკში პატრიარქმა, მისი ნათლულების მშობლებთან ერთად, ხეები დარგო
დენდროლოგიურ პარკში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულების მშობლებმა 2000-მდე ძირი ხე დარგეს.
ხეების დარგვის აქციაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, თბილისის მერი დავით ნარმანია და პატრიარქის ნათლულების მშობლები მონაწილეობდნენ.
დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე 2000 ძირი ჰიმალაის კედარი და კვიპაროსი დაირგო. ნერგები პატრიარქის კურთხევით მისი ნათლულების მშობლებმა შეიძინეს.
„თბილისის მერიამ საპატრიარქოსთან ერთად დედაქალაქის გამწვანების მიზნით მუშაობა გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო. მასში ჩართულია საპატრიარქოს ფონდი „გაამწვანე საქართველო“. ამ გაზაფხულზე დენდროლოგიური პარკის მიმდებარე ტერიტორიას ვამწვანებთ. დედაქალაქის გამწვანების პროექტის ფარგლებში გვაქვს სხვა გეგმებიც, გარდა დენდროლოგიური პარკისა, ხეები სკოლების ეზოებშიც დაირგვება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დენდროლოგიურ პარკში ჯამში 44000 ძირი ხე დაირგვება. პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, სადაც მომავალში ზოოპარკი უნდა განთავსდეს, 40 000 ძირი ხის დარგვა იგეგმება. დენდროლოგიურ პარკში 21 000 ნერგი უკვე დარგულია და პროცესი მთელი გაზაფხულის პერიოდში გაგრძელდება.