არჩილ თალაკვაძე გივი თარგამაძის განმარტებას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრ გივი თარგამაძესთან თანამშრომლობის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომლის რუსლან ბაზიაშვილის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე კომენტარი შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
მისი განმარტებით, გივი თარგამაძის განცხადება, რომ მას ბაზიაშვილი ინფორმაციას, როგორც ნდობის ჯგუფის წევრს ისე აწვდიდა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.
როგორც შს მინისტრის მოადგილემ განმარტა, ნდობის ჯგუფის მხრიდან ინფორმაციის მოპოვების პროცესი კანონმდებლობაში მკაფიოდაა გაწერილი და მხოლოდ ნდობის ჯგუფის თავმჯდომარეს აქვს უფლება, რომ ინფორმაცია წერილობით მოითხოვოს.
თალაკვაძის თქმით, გივი თარგამაძე მიღებულ ინფორმაციას პარტიული ინტერესებისთვის იყენებდა.
“გივი თარგამაძემ დაადასტურა რომ შინაგან საქმეთ სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ძალიან პროფესიონალურად იმუშავა, გამოავლინა ის ადამიანი, ვინც ამ ინფორმაციას კანონმდებლობის დარღვევით გასცემდა მესამე პირებზე, მაგრამ თარგამაძემ შეცდომა დაუშვა მეორე ნაწილში როცა თქვა, რომ ამ ინფორმაციას იღებდა, როგორც ნდობის ჯგუფის წევრი, აქ აშკარაა, რომ დეპუტატმა თარგამაძემ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადა, ვინაიდან მან ძალიან კარგად იცის, რომ ნდობის ჯგუფს ინფორმაციის ამ ფორმით მიღების უფლება არ აქვს. ნდობის ჯგუფის მხრიდან ინფორმაციის მოპოვების პროცესი კანონმდებლობაში არის ძალიან მკაფიოდ გაწერილი – მხოლოდ და მხოლოდ ნდობის ჯგუფის თავმჯდომარეს აქვს უფლება, რომ ეს ინფორმაცია წერილობით მოითხოვოს. ის პოლიციელი, რომელიც დათხოვნილი იქნა, ამ შემთხვევაში არა ნდობის ჯგუფთან, არამედ, პირდაპირ გივი თარგამაძესთან თანამშრომლობდა, რომელსაც პირადი ინტერესების გამო აწვდიდა ამ ინფორმაციას და შემდგომში ბატონი გივი თარგამაძე არა ნდობის ჯგუფისთვის, არამედ პარტიული ინტერესებისთვის იყენებდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ “ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრ გივი თარგამაძესთან თანამშრომლობის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი სამსახურიდან დაითხოვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადება გენინსპექციის უფროსის მოადგილემ ვარლამ ხათრიძემ გააკეთა. შსს-ის ცნობით, ბაზიაშვილი თარგამაძეს ინფორმაციებს სისტემატურად აწვდიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები