არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ამ ინფორმაციას პროკურატურას გადავცემთ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შსს-მ არსებული ინფორმაცია მაქსიმალურად უნდა დაამუშაოს. აღნიშნულის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში პრემიერის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
“მე მოვერიდებოდი რაიმე ინტერპრეტაციას. მე ვფიქრობ, რომ ბატონმა პრემიერმა გაახმოვანა მისი პოზიცია, შემდგომში ეს არის იმ ადამიანების პრეროგატივა, რომლებიც უშუალოდ გამოძიებით არიან დაკავებულნი. მან თქვა, რომ შსს-მ ეს ინფორმაცია მაქსიმალურად უნდა დაამუშავოს, თუ იკვეთება კონკრეტულად დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურას გადავცემთ”, – განაცხადა თალაკვაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.
რამდენიმე წუთის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურას საგანგებო განცხადებით მიმართა და მომხდარის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრ გივი თარგამაძესთან თანამშრომლობის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი სამსახურიდან დაითხოვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადება გენინსპექციის უფროსის მოადგილემ ვარლამ ხათრიძემ გააკეთა.
შსს-ის ცნობით, ბაზიაშვილი თარგამაძეს ინფორმაციებს სისტემატურად აწვდიდა.
დეპუტატ გივი თარგამაძის განცხადებით, შსს-დან გათავისუფლებული თანამშრომელი მას გარკვეულ ინფორმაციებს აწვდიდა, როგორც დეპუტატსა და ნდობის ჯგუფის წევრს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები