ირაკლი ღარიბაშვილი პროკურატურას საგანგებო განცხადებით მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და პროკურატურას ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის აღშფოთებულია ფაქტით, როდესაც პარლამენტის წევრი პოლიციელისგან ინფორმაციას უკანონოდ მოიპოვებს. „მინდა, მივმართო პროკურატურას, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნული საკითხის შესწავლა და, თუკი გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, მოახდინოს რეაგირება. ეს არის დაუშვებელი! დღეს საქართველოში არავინ დგას კანონზე მაღლა! ასე რომ, იქნება ეს პარლამენტის წვერი თარგამაძე, თუ სხვა, მან პასუხი უნდა აგოს სრული სიმკაცრით. ეს არის შეურაცხმყოფელი პოლიციელისთვის და სამინისტროსთვის. მინდა, მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაუყვნებლივ დაიწყოს ფაქტზე გამოძიება და დაადგინონ, შეიცავდა თუ არა ფაქტი დანაშაულის ნიშნებს. ეს არის აღმაშფოთებელი, როდესაც პარლამენტის წევრი უკანონოდ მოიპოვებს ინფორმაციას პოლიციის თანამშრომლისგან“, – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრ გივი თარგამაძესთან თანამშრომლობის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი სამსახურიდან დაითხოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადება გენინსპექციის უფროსის მოადგილემ ვარლამ ხათრიძემ გააკეთა. შსს-ის ცნობით, ბაზიაშვილი თარგამაძეს ინფორმაციებს სისტემატურად აწვდიდა.
დეპუტატ გივი თარგამაძის განცხადებით, შსს-დან გათავისუფლებული თანამშრომელი მას გარკვეულ ინფორმაციებს აწვდიდა, როგორც დეპუტატსა და ნდობის ჯგუფის წევრს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები