ელისო ჩაფიძე: ტყიბულში ეპილეფსიით გარდაცვლილი გოგონას ოჯახს დავეხმარებით

ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე, ტყიბულში ეპილეფსიით გარდაცვლილ, 7 წლის გოგონასთან დაკავშირებით “კვირასთან” პირველ კომენტარს აკეთებს.
მისი განცხადებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მზად არის, რომ ბავშვის დაკრძალვის ხარჯები გაიღოს და ოჯახს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადოს.
“ჩვენ ვიცნობთ ოჯახს, მათთვის ჩვენ გარკვეული დახმარებები წარსულშიც აღმოგვიჩენია. უხერხულია ამაზე საუბარი, თუმცა ეს იყო ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები, მათი სხვადასხვა ღონისძიებაში ჩართვა. ამ შემთხვევაში გამგეობაც და მაჟორიტარული ბიუროც მობილიზებულია, რომ მათ დახმარება გავუწიოთ. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გარდაცვლილი ბავშვის დაკრძალვა პრობლემა იქნება, სიმართლეს არ შეესაბამება. ვიმეორებ, გამგეობაც და მაჟორიტარული ბიუროც მაქსიმალურად დაუდგება ოჯახს გვერდით. ჩვენ დღესვე ვაპირებთ ოჯახში მისვლას და მათ მონახულებას. ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული ფაქტია, მაგრამ რაც შესაძლებელი იქნება, მაქსიმალურად გაკეთდება. ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად, ჩვენ შენობის გადმოცემის პროცესიც დავიწყეთ. ის შენობა, რომელშიც ოჯახი ცხოვრობს, გარემონტდება, რადგან სოციალურად დაუცველ ოჯახებს ნორმალური პირობებში ცხოვრების საშუალება უნდა ჰქონდეთ”,-აცხადებს ჩაფიძე. ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, ის, რომ ბავშვი ეპილეფსიით იყო დაავადებული, მისთვის ცნობილი არ იყო, რადგან დედას ოფიციალური სტრუქტურებისთვის არ მიუმართავს. “ჩვენ ვგეგმავთ, რომ ამ საქმეში ჩავრთოთ სოციალური სამსახური, მათ უკეთ იციან, თუ რა იქნება ბავშვებისთვის უკეთესი”, – აცხადებს უმრავლესობის წევრი “კვირასთან” საუბარში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები