მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ მივიღეთ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულებას ბრიუსელიდან გამოეხმაურა.
მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივ ანექსიაზე საქართველოს ხელისუფლების რეაქცია უცნაური იყო.
„ჩვენ განგვაცალკევეს უკრაინისგან. სადაც ახსენებენ უკრაინას, იქ აღარ არის საქართველოს ხსენება და ეს საქართველოს მთავრობამ სრულიად შეგნებულად გააკეთა. საპასუხოდ ჩვენ მივიღეთ ფაქტობრივი ანექსია ცხინვალის რეგიონის და საქართველოს მთავრობის რეაქცია, რბილად რომ ვთქვათ, იყო უცნაური, რომ ეს ქაღალდი არაფერს ნიშნავს. ქაღალდი, რა თქმა უნდა, უკანონოა, მაგრამ ეს არის დაგვირგვინება იმისა, რომ ფაქტობრივად, სხვა არავინ ეხმაურება ამას და ცხინვალის ანექსიის საკითხზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ არის შემოღებული, იმ პირობებში, როცა უკრაინის თემაზე სანქციები შემოღებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად ბოლო მექანიზმებს ვკარგავთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულება გუშინ გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები