გია ვოლსკი არმაზ ახვლედიანის გადაწყვეტილებას მიესალმება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი თანაპარტიელ არმაზ ახვლედიანის გადაწყვეტილებას ეხმაურება. გია ვოლსკი არმაზ ახვლედიანის გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოში უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, სწორ და მართებულ ნაბიჯად აფასებს. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, არმაზ ახვლედიანმა თავის დროზე სრულიად არაკორექტული განცხადება გააკეთა.
“მის მიერ “მაესტროს” ეთერში გაკეთებულმა განცხადებამ არ შეიძლება რაიმე გავლენა მოახდინოს. პრობლემა ის კი არ არის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საქმეში ახვლედიანის განცხადება მოახდენს თუ არა რაიმე გავლენას, პრობლემაა ის, რომ მან სრულიად უადგილო და არაკორექტული განცხადება გააკეთა. იმ პერიოდში, პოლიტსაბჭოს ფარგლებში, არც ერთ დონეზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. ვფიქრობ, ახვლედიანის განცხადების გარკვეულ ინტერპრეტირებას, მართლაც, ჰქონდა ადგილი, თუმცა ასეთი ინტერპრეტაციის საფუძველი, უადგილო და არაკორექტული განცხადებით თავად მან შექმნა. რაც შეეხება უფლებამოსილების შეჩერებას, მის ამ გადაწყვეტილებას მივესალმები. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
იგი ადასტურებს, რომ არმაზ ახვლედიანის მიერ გაკეთებული განცხადება პოლიტსაბჭოს სსდომაზე მსჯელობის თემა იქნება. არმაზ ახვლედიანი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოში უფლებამოსილებას დროებით იჩერებს – ამის შესახებ მან დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაზუსტებულია, რომ “ვიდრე პოლიტსაბჭოს სხდომა არ განიხილავს ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში მის მიერ მიცემული ინტერვიუს გამო უსაფუძვლო კომენტარების საკითხს”, იგი “ქართულ ოცნების” პოლიტსაბჭოში უფლებამოსილებას დროებით იჩერებს.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში მყოფმა პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ არმაზ ახლვლედიანმა თანაპარტიელების მიმართ მკვეთრი განცხადებები გააკეთა.

„თუკი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დეპუტატები არ დაემორჩილებიან, მათ წინააღმდეგ სანქციები დაწესდება“, – აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში. არმაზ ახვლდიანის თქმით, პოლიტსაბჭომ და პრემიერმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება და მხარს უჭერენ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები