საქართველო საგზაო სისტემას აუმჯობესებს, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკის ზრდას და მრავალფეროვნებას
მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა სტატია “საქართველოს დაკავშირება სამანქანო და ადგილობრივი გზების პროექტი“, რომელშიც ის დადებითად აფასებს საქართველოში მიმდინარე საგზაო პროექტებს და აღნიშნავს, რომ საქართველო აუმჯობესებს საგზაო სისტემას, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკის ზრდასა და მრავალფეროვნებას.
ადგილობრივი გზები ქვეყანას აერთიანებს. კარგი გზები ნიშნავს ფერმერების მიერ თავიანთი პროდუქციის ბაზრამდე უფრო სწრაფად და კარგ მდგომარეობაში მიტანას, ბავშვების უფრო ადვილად მისვლას სკოლამდე და იმ ხალხის მიღწევას საავადმყოფოებამდე, ვისაც ექიმები სჭირდება. სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტური გზები ადამიანის ფიზიკური მაკავშირებელია დანარჩენ სამყაროსთან. დასავლეთ საქართველოს სოფელ საზანოს პედაგოგის, თამარ ჩუბინიძის აზრით, კარგი გზების გარეშე ადამიანები ხაფანგში გაბმულივით გრძნობენ თავს. “ძირითად პრობლემას აქ ცუდი გზა წარმოადგენდა”, – აღნიშნა თამარმა. „სასწრაფო – სამედიცინო დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, ადამიანი ქალაქში ვერ გადაადგილდებოდა. სასწრაფო დახმარების მანქანები ვერ ახერხებდნენ ადგილზე სწრაფად მისვლას.”
ადგილებზე მისასვლელი დროის შემცირება
საქართველო გეგმავს, გააუმჯობესოს 200კმ სიგრძის ადგილობრივი გზები, რაც დაახლოებით 20 პროცენტით შეამცირებს მგზავრობის დროს. 150,000–მდე ქართველი რეგულარულად იყენებს ამ გაუმჯობესებულ გზებს, რომლებიც ისეა დაგებული, რომ უსაფრთხოა როგორც მძღოლებისთვის, ისე ფეხით მოსიარულეთათვის.
სოფელში მაცხოვრებელი ქართველები კმაყოფილნი არიან განახლებით. ისინი ამჩნევენ ცვლილებას მათ სოფლებსა და ქალაქებში გავლილი მოძრაობიდან გამომდინარე. ცოტნე ნებიერიძე დაწყებითი სკოლის მოსწავლეა. “კარგი გზები სასიამოვნოა“, – ამბობს იგი. “ავტომობილებიც კარგად გადაადგილდებიან. მახსოვს, ადრე მანქანები ძლივს დაჩოჩავდნენ.”
მილენა კობახიძე, რომელიც ასევე მოსწავლეა, ეთანახმება: “საგზაო ნიშნები დააყენეს, რაც უფრო დაცულად გვაგრძნობინებს თავს. სკოლა ახლოს მდებარეობს და, როდესაც სკოლიდან გამოვდივართ, თავს უფრო დაცულად ვგრძნობთ”.