ინდმეწარმე თბილისის მერიას სააპელაციო სასამართლოში დაუპირისპირდება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ინდმეწარმე თამაზ ქართველიშვილის მიერ თბილისის მერიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა. როგორც საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ქართველიშვილმა და მისმა ადვოკატმა ბექა ბადრიშვილმა განმარტეს, ინდმეწარმე მერიას მის საკუთრებაში არსებული ერთი ფართის ნაწილის გასხვისებას და მეორე კომერციული ფართისკენ მიმავალი გზის სავალი ნაწილის გასხვისებას ედავება. ადვოკატ ბექა ბადრიშვილის განცხადებით, იმის გამო რომ 2014 წლის თებერვალში მერიამ სკვერი, ტრუტუარები და სავალი გზაც კი გაასხვისა, ინდმეწარმეს საკუთარ კომერციულ ფართამდე მისასვლელი გზა ესპობა.
თამაზ ქართველიშვილის ადვოკატი სასამართლოში წარდგენილი სარჩელით 2014 წლის ადმინისტრაციული ხელშეკრულებისა და თბილისის მერიის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, თუმცა საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ყანჩაველმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის გამოც ინდმეწარმე და მისი ინტერესების დამცველი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.
როგორც საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“პრესკლუბში თამაზ ქართველიშვილმა განაცხადა, მან 2009 წელს ვარკეთილის დასახლებაში, ჯავახეთის ქუჩა N 66 -ში მიწის ნაკვეთი შეიძინა და ავტოსერვისი გახსნა. მაშინ, მან შეძენილ 137 კვ.მ. ფართობის ტერიტორიზე 35 ათას აშშ დოლარი გადაიხადა. 2009 წელს ავტოსერვისის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობები იყო განთავსებული, სადაც ლტოლვილები ცხოვრობდნენ. ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, თბილისის მერიამ ბავშვებისთვის გასართობი სკვერი მოაწყო. 2014 წლის 25 თებერვალს, თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯავახეთის ქუჩა N 66 -ის მიმდებარე ტერირორია, 6822 კვ.მ. ფართობით, აუქციონზე გამოიტანა და გაასხვისა. ინდმეწარმის ინფორმაციით, თბილისის მერიამ ეს ტერიტორია აუქციონზე რამდენჯერმე გაიტანა. აუქციონის თავდაპირველი ფასი ერთი წლის წინ 845 ათასი ლარი იყო. თუმცა, წელს გასაყიდი ფასი თითქმის განახევრდა და 4 29 ათასი ლარმდე შემცირდა. წელს, 25 თებერვალს მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის 6822 კვ.მ. ფართობის მეპატრონე ილია მარიდაშვილი აღმოჩნდა. მან მერიის მიერ გასხვისებულ უძრავ ქონებაში 430 ათასი ლარი გადაიხადა. თამაზ ქართველიშვილის ინფორმაციით, ილია მარიდაშვილს ამ დრომდე 85 ათასი ლარი აქვს გადახდილი. თამაზ ქართველიშვილის ინფორმაციით, თბილისის მერიამ ილია მარიდაშვილს ხელშეკრულება იმავე დღეს გაუფორმა. თამაზ ქართველიშვილის თქმით, მისი კუთვნილი ავტოსერვისის მიმდებარე ქუჩა და ფეხსავალი გზა მთლიანად ჩაიკეტა, რითაც დღეს თავს დაზარალებულად მიიჩნევს.
იგი, ამავდროულად, არ გამორიცხავს, რომ ილია მარიდაშვილმა აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობაც წამოიწყოს და, შესაბამისად, მას საკუთარ ბიზნესსაქმიანობაში ხელი შეეშალოს. ინდმეწარმემ თბილისის მერიას თხოვნით მიმართა და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება სთხოვა, თუმცა უშედეგოდ. სწორედ ამის გამო ინდმეწარმის ადვოკატმა კლიენტის უფლება შემდეგი არგუმენტებით ჩამოაყალიბა და სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
„გასხვისებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში მოქცეულია ტროტუარი, საჯარო სარგებლობის ობიექტები – გზები და ასევე სკვერი, რომლებიც კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისთვის გადაცემულ განუსხვისებელ ობიექტს, რაც, თავის მხრივ, წარმოქმნის იმ მოცემულობას, რომ ასეთი სახით მიწის ნაკვეთების მესამე პირზე გასხვისების შემთხვევაში, მასზევე საკუთრების უფლებით გადაცემული უნდა აღმოჩნდეს საერთო საზოგადოების სარგებლობის და განუსხვისებელი ობიექტები. შესაბამისად, სადავო ხელშეკრულების საფუძველზე ილია მარიდაშვილს საკუთრებაში გადაეცა ნივთობრივად და უფლებრივად ნაკლიანი ქონება, რითაც, როგორც მის მიმართ, ასევე მოსარჩელე პირის მიმართ დაირღვა უნაკლო ნივთის გადაცემის როგორც კანონისმიერი, ისე სახელშეკრულებო ვალდებულება. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა არა მხოლოდ მოსარჩელეს ულახავს უფლებებს, არამედ გამოიწვევს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესის არსებით შელახვას, რადგან მოცემულ შემთხვევაში განკარგვას დაექვემდებარა განუსხვისებელი ქონება, რაც იმთავითვე წარმოქმნის თბილისის მთავრობასა და ილია მარიდაშვილს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს“, – ნათქვამია სასარჩელო განცხადებაში.

11040710_941322755912569_1979910809_n

11047271_941322752579236_469438563_n

11051621_941322759245902_570429370_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები