„ქართული ხელნაწერის“ ინგლისური ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება

11 მარტს, 13:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში ალბომის „ქართული ხელნაწერი“ ინგლისური ვერსიის პრეზენტაცია (ქართული ვერსიის პრეზენტაცია 2012 წელს გაიმართა) გაიმართება. ალბომის როგორც ქართული, ასევე ინგლისური ვერსია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა. წიგნი შედგა შოთა რუთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის „ქართული ხელნაწერი წიგნი (ვებგვერდის შექმნა)“ საფუძველზე.
წინამდებარე ალბომში წარმოდგენილია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში (A, H, S, Q) დაცული V-XIX საუკუნეების ქართული ხელნაწერი წიგნები და უცხოეთის (სინას მთა, იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქო) ქართული კოლექციების ის ფოტომასალები, რომელთა გამოყენების უფლებასაც ფლობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ალბომში შესული ხელნაწერები თვალნათლივ ასახავს წიგნის, კულტურულ-ისტორიული ფენომენის წარმოშობისა და განვითარების ისტორიას. წიგნი გამიზნულია ქართული წერილობითი კულტურის ისტორიით დაინტერესებული მკითხველებისათვის. ალბომი შეადგინეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებმა: მაია კარანაძემ, ლელა შათირიშვილმა, ნესტან ჩხიკვაძემ, თამარ აბულაძემ. წიგნის რედაქტორი ნესტან ჩხიკვაძეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები