საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო სააქციო საზოგადოება “ ,,ქართული ფოლადის” საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “კვირა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„სს ,,ქართული ფოლადის” მიმართ მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი, გადახდისუუნარობის საქმე არის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის წარმოებაში. ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს” პუნქტის მიხედვით, რეაბილიტაცია არის საპროცესო, ხელმძღვანელობითი და მმართველობითი მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად და მიზნად ისახავს კრედიტორთა მოთხოვნების კანონით დადგენილი წესითა და პირობებით ეტაპობრივ სრულ დაკმაყოფილებას უმთავრესად მოვალის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მართვის სისტემის სრულყოფის, მოვალის კომერციული საქმიანობის წარმატებულობისა და მომგებიანობის ზრდის, აგრეთვე სამეურვეო ქონების შესაძლო ოპტიმიზაციის გზით. რეაბილიტაციის მიზანი არ არის მხოლოდ კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, რეაბილიტაციის გეგმის შესრულება გულისხმობს, როგორც კრედიტორთა დაკმაყოფილებას, ასევე საწარმოს საქმიანობის შენარჩუნებას.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაუშვებელია რეაბილიტაციის პროცესში მყოფი საწარმოს სრული აქტივის რეალიზაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, სს ,,ქართული ფოლადის” მიერ რეაბილიტაციის პროცესში თანხის გადახდის განვადების პირობით, გასხვისებული იქნა საწარმოს სრული აქტივი და ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ქონების ღირებულების ნაწილიც კი არ არის გადახდილი დღემდე სს ,,ქართულ ფოლადისთვის“. აღსანიშნავია, რომ სადავო გარიგებით სს ,,ქართულ ფოლადისაგან“ 3 916 418 ლარად შეძენილი ქონება – წიდა და ნაცარი მყიდველმა იმავე დღეს 256 178 000 ლარად გაასხვისა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2011 წლის 27 დეკემბერს მხარეებს შორის დადებული აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებები ეწინააღმდეგებოდა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, რეაბილიტაციის პროცესს, სამეურვეო ქონების რეალიზაციის კანონით დადგენილ წესს (სამეურვეო ქონების რეალიზაცია ხდება აუქციონზე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში), საფრთხე ექმნებოდა რეაბილიტაციის გეგმის შესრულებას და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რის გამოც ბათილად იქნა ცნობილი აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებები და გასხვისებული ქონება საკუთრებაში დაუბრუნდა ს.ს. ,,ქართულ ფოლადს”.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად, ერთ-ერთი კრედიტორის უპირატესად დაკმაყოფილება შესაძლებელია კრედიტორის მიერ მოთხოვნაზე ნაწილობრივ უარის თქმის სანაცვლოდ და იმავე და წინა რიგის ყველა კრედიტორის თანხმობით, რა საფუძველიც განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა და მოსარჩელის მოთხოვნის (4553 ლარი 48 თეთრი) უპირატესად დაკმაყოფილებით დაირღვევოდა წინა და იმავე რიგის კრედიტორთა კანონით გათვალისწინებული უფლებები. შესაბამისად, სადავო გარიგებების ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი იყო ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით და ს.ს. ,,ქართული ფოლადის” რეაბილიტაციის გეგმით დადგენილი წესით, პირობებით და ვადაში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც მიღწეული იქნებოდა მხოლოდ სადავო გარიგებების ბათილად ცნობით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განჩინებით, შპს ,,რუსთავის ფოლადს” აეკრძალა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებებით შეძენილი უძრავი და მოძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. მცდარია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო საწარმოს ქონებას და აეკრძალა შ.პ.ს. ,,რუსთავის ფოლადს” სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება და რომ, თითქოს სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია მუშა-მოსამსახურეთა უვადო აუნაზღაურებად შვებულებაში გაშვება. თუ აღნიშნული მოქმედება განახორციელა საწარმოს ხელმძღვანელობამ, ეს არ უკავშირდება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განჩინებას“, -აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს მხარეებს და დაინტერესებულ პირებს თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისაგან, დარჩნენ სამართლებრივ სივრცეში და სადავო საკითხების განსახილველად, კანონით დადგენილი ვადებში მიმართონ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები