თამარ ბერუჩაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებას გამოეხმაურა

საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ტუსკიმ აღნიშნა, რომ ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასამკაცრებლად მზად არ არის. მინისტრი მიიჩნევს, რომ სანქციები რჩება, როგორც რუსეთზე ზეწოლის მნიშვნელოვანი ელემენტი. ბერუჩაშვილი გამოთქვამს იმედს, რომ ყველა ინსტრუმენტი სანქციების ჩათვლით დროულად იქნება გამოყენებული და ევროკავშირი, სირთულეების მიუხედავად, იქნება თანამიმდევრული და ერთიანი რუსეთთან მიმართებაში.
“რაც შეეხება სანქციებს და ზომებს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ ბატონი ტუსკის ბოლო განცხადებასთან დაკავშირებით, სანქციები რჩება ძალაში. დღეს კონკრეტული კონსენსუსი მათ გაფართოებასთან დაკავშირებით არ არის, მაგრამ სანქციები რჩება, როგორც რუსეთზე ზეწოლის მნიშვნელოვანი ელემენტი. ამ მიმართულებით მე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს და ყველა ქვეყნისთვის, რომელიც დღეს განსაკუთრებულ რთულ მდგომარეობაში იმყოფება, ამის მიუხედავად აგრძელებს თავის ევროპულ და ევროატლანტიკურ სვლას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთის პარტნიორები იყვნენ ერთიანნი და თანამიმდევრულნი იმ არჩევანში, რომ მხარი დაუჭირონ ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ იმ ქვეყნებს, რომელთაც გააკეთეს თავისი არჩევანი”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისთვის მზად არ არის. მისივე თქმით, ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ უკრაინის კრიზისის მოგვარება სანქციების გარეშე შესაძლებელია. ტუსკის აზრით, ევროპამ უნდა ისწავლოს უკრაინის მაგალითზე საფრთხეების გამკლავება. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტი ერთ-ერთია იმ კრიზისებს შორის, რაც ევროპის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს, ამიტომაც ევროპამ და აშშ-მა ერთად უნდა იმოქმედოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები