ნადეჟდა სავჩენკო მისთვის უსაფრთხო კვების რეჟიმის შემუშავებას ითხოვს

„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, უკრაინის სახალხო დეპუტატი, მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო ექიმებს მისთვის უსაფრთხო კვების რეჟიმის შემუშავებას სთხოვს.
„ჩემმა ადვოკატებმა, რომლებიც უკრაინის ექიმებთან კონსულტაციას გადიან, გამაფრთხილეს, რომ დიდი ხნის შიმშილის შემდეგ, ცხიმიანი საკვები, მათ შორის ბულიონი, სიცოცხლისთვის საშიშია და ჩემი მდგომარეობიდან გამოსვლა წვენებით, გაზავებული წლით, ბოსტნეულით და ხილით არის შესაძლებელი“, – წერს სავჩენკო წერილში, რომელიც მისმა ადვოკატმა ნიკოლაი პოლოზოვმა სოციალურ ქსელ ტვიტერში განათავსა.
ნადეჟდა სავჩენკო 2014 წლის ივლისიდან მოსკოვის სასჯელაღსრულების იზოლატორში იმყოფება. მას ბრალად ედება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, რუსი ჟურნალისტის მკვლელობის თანამონაწილეობა. სავჩენკო დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ იძულებით არის გადაყვანილი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
უკრაინა სავჩენკოს გათავისუფლებას ითხოვს, რადგან დაკავების პერიოდში იგი უკრაინის რადას დეპუტატი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის უკრაინის დელეგაციის წევრი გახდა. სავჩენკოს გასათავისუფლებლად რუსეთის ხელისუფლებას მიმართეს: ევროსაბჭოს საპარლამეტო ანსამბლეის ხელმძღვანელმა ანა ბრასერმა, ევროპის პარლამენტის წარმომადგენელმა მარტინ შულცმა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა. 4 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ თხოვნის წერილით მიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, სავჩენკოს გათავისუფლებისთვის. წერილი კრემლში უკვე მიიღეს. „წერილი მიღებულია და პასუხი ფორმულირებული იქნება“, – განუცხადა 5 მარტს ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები