რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვრთნები დაიწყო – რას აცხადებენ თბილისში
რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში გუშინ, 5 მარტს სულ თორმეტ პოლიგონზე მასშტაბური სამხედრო – საველე წვრთნები დაიწყო, რომელშიც მონაწილეობს სხვადასხვა სამხედრო ნაწილი და შენაერთი, მათ შორის საჰაერო თავდაცვის დანაყოფები. სამხედრო მოსამსახურეები გადიან მასშტაბურ საარტილერიო სწავლებას სხვადასხვა საცეცხლე სისტემებიდან სროლებში.
სწავლებაში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეტევითი ხასიათის სახეობები, როგორიცაა საზენიტო სარაკეტო კომპლექსები – (ПЗРК) „Игла“, საზენიტო საქვემეხო-სარაკეტო კომპლექსები – „Тунгуска“, საზენიტო საარტილერიო კომპლექსები «Шилка», საზენიტო სარაკეტო სისტემები С-300В, «Стрела-10», «Тор» და «Оса». სულ საველე წვრთნებში მონაწილეობას იღებს 2 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და ხუთასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა.
რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებულ ქმედებებს საქართველოში უკვე მოჰყვა გამოხმაურებები.
პოლიტიკოსები და ექსპერტები ფაქტის შეფასებისას ერთხმად აცხადებენ, რომ რუსეთი მსგაქვსი ქმედებებით ძალის დემონსტრირებას ცდილობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წვრთნებს დღეს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს და რუსეთის ფედერაციისაგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციას მოითხოვს.
ამასთან, საგარეო უწყება მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის აღნიშნულ ნაბიჯზე.
“რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, აგრეთვე რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშ დარღვევას და საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას და მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯზე და არ დაუშვას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართული მორიგი ქმედება“,-აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
წვრთნებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, შვეიცარიის საელჩოს გავლით, რუსეთს საპროტესტო ნოტას გადასცემს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განუცხადა.
“რუსეთის ეს ნაბიჯი ასევე არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, ასევე ყველა ხელშეკრულებას, რომელსაც რუსეთი აწერს ხელს, მათ შორის არის 2008 წლის აგვისტოს შეთანხმება”, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.
მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით საგარეო უწყებამ დროულად აცნობა პარტნიორებს მსოფლიოს ყველა წერტილში. ასევე საქართველოს საელჩოებს სხვადასხვა ქვეყანაში მიეცათ ინსტრუქცია, რომ მათ ადგილსამყოფელ დედაქალაქებში მოლაპარაკებები გამართონ.
რუსეთის მიერ დაწყებულ ფართომასშტაბიან წვრთვნებს გამოეხმაურნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიან წვრთნებს უკანონოს უწოდებს. როგორც ზაქარეიშვილმა განაცხადა, აშკარად ჩანს, რომ წვრთნები არ არის მიმართული მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა იგულისხმება საქართველოც. ზაქარეიშვილის განმარტებით, რუსეთი ფართომასშტაბიან უკანონო წვრთნებს ატარებს არა მარტო საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ სხვა რეგიონებშიც. მათ შორის, ყირიმში.
“ეს არის ძალის დემონსტრირება მსოფლიოს წინაშე. მე მგონია, ეს ის შემთხვევაა, როცა მსოფლიო ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს რუსეთის ქმედებებს, რომ ეს არ არის ან მხოლოდ უკრაინის, ან მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული. ეს არის ძალის დემონსტრირება, რომ როგორც არ უნდა იქცეოდეს დასავლური სამყარო, დემოკრატიული სამყარო რუსეთთან მიმართებაში, აფასებდეს მის აგრესიულ ქმედებებს მეზობელ სახელმწიფოსთან მიმართებაში, რუსეთი მაინც თავხედურად განაგრძობს თავის პოლიტიკას”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განლაგებული შეიარაღებული ძალებით ახორციელებს რუსეთი ძალის დემონსტრირებას და რეგიონულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
“ჩვენ ცალსახად მკაფიო პოზიცია გვაქვს, რომ რუსეთმა შეასრულოს თავის თავზე აღებული ვალდებულება. როდესაც მედვედევმა ხელი მოაწერა სარკოზისთან 6-პუნქტიან შეთანხმებას, მეხუთე პუნქტით რუსეთს აღებული აქვს ვალდებულება, თავისი სამხედრო შენაერთები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან; სხვა მხრივ ეს ოკუპაციის გაგრძელებაა”, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიან წვრთნებს რუსეთის მხრიდან გადადგმულ კიდევ ერთი პროვოკაციულ ნაბიჯს უწოდებს. ბაქრაძის თქმით, ქართული მხარე იმედოვნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯია ეს რუსეთის მხრიდან, რომელიც ახორციელებს სამხედრო წვრთნებს ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში. ეს არის უმძიმესი ფაქტი, რომელსაც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ჩვენი მიზანი უკავშირდება საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამას ეძღვნება ყველა შეხვედრა, რომელსაც ჩვენ ვმართავთ ევროკავშირის და ნატოს დედაქალაქებში. ეს შეეხებოდა წინა კვირაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს გაჟღერებულ საკითხებს, საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ნატო-საქართველოს საბჭოზე გაჟღერებულ თემატიკას. ჩვენ ვცდილობთ, რომ დიპლომატიური გზებით მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის, ასევე, ევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფოების ძალისხმევის კონსოლიდაცია ამ მიმართულებით“, – განაცხადა ბაქრაძემ.
რუსეთის მიერ დაწყებულ წვრთნებს ძალის დემონსტრირებად აფასებენ ექსპერტებიც.
“კვირასთან“ საუბრისას პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ რუსეთი მსგავსი ქმედებებით ძალაუფლებას უსვამს ხაზს და რეგიონის სახელმწიფოებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებას ცდილობს. ჩიტაძე არ ფიქრობს, რომ მიმდინარე წვრთნებით რუსეთი თავდასხმას ამზადებს. ექსპერტის თქმით, აღნიშნული წვრთნებით რუსეთის მიზანია რეგიონი პანიკის რეჟიმში ამყოფოს.
„ამ წვრთნების მიზანია ძალის დემონსტრირება. არ ვფიქრობ, რომ რუსეთი თავდასხმისთვის ემზადება, მათ სურთ კავკასიის რეგიონში ყველაფრის ბატონ-პატრონებად წარმოაჩინონ თავი. რუსეთის სურვილია, ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინოს მსოფლიოზე და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონზე“, – განუცხადა “კვირას“ ჩიტაძემ.
პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის უკანონო ქმედებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. ამასთან, ჩიტაძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინის პრობლემაზე მსჯელობისას საქართველოს პრობლემაც უნდა განიხილოს და რუსეთისთვის სანქციების დაწესებისას რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის ფაქტებიც უნდა გაითვალისწინოს.
რუსეთის მიერ დაწყებულ წვრთნებს პროვოკაციას და ძალის დემონსტრირებას უწოდებს ექსპერტი სოსო ცინცაძე. ცინცაძე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არ წამოეგონ პროვოკაციაზე.
„ეს წვრთნები არის რუსეთის მხრიდან გადადგმული მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი, პუტინი ჯერ კიდევ უკრაინის მოვლენებშია ჩართული. ასე, რომ მას სხვა ქვეყანაზე თავდასხმის განხორციელებისთვის სურვილიც რომ ჰქონდეს, ვითარება არ უწყობს ხელს. 2008 წლის ომის წინაც დაიწყო რუსეთმა წვრთნები, მაგრამ მაშინ სულ სხვა სიტუაცია იყო, მაშინ რუსეთი ფინანსურადაც ძლიერი იყო, არსებობდა სხვა ფაქტორებიც და მოახდინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. მაშინ საქართველოს ხელისუფლებას უნდა გაეთვალისწინებინა, გაეანალიზებინა სურათი და პროვოკაციას არ უნდა აჰყოლოდა“, – განუცხადა “კვირას“ ცინცაძემ.