„ახალგაზრდა ადვოკატები“ გიორგი პაპუაშვილის სახლის ადრინდელი მეპატრონისთვის დაბრუნებას ითხოვენ

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ეკონომიკის და იუსტიციის მინისტრებს და მთავარ პროკურორს მიმართავს და, სახელმწიფოს მხრიდან ქონებაჩამორთმეულთა საქმეების განხილვის პროცესში, როლანდ ბლადაძის საქმისთვის პრიორიტეტის მინიჭებას სთხოვს.
როგორც ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა „საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ბლადაძის სახლში საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ცხოვრობს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ხელისუფლებას ბლადაძისთვის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაბრუნებას და პაპუაშვილისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფას სთხოვს.
„საქართველოს მთავრობის შესაბამისმა სამინისტროებმა და მთავარმა პროკურატურამ გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგან, რათა საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული და ქონება რეალურ მფლობელს დაუბრუნდეს. ამისთვის აქტიური მოქმედებები უნდა განახორციელოს ეკონომიკის სამინისტრომ და გიორგი პაპუაშვილს ალტერნატიული ფართი გამოუყოს. მივმართავ ასევე იუსტიციის სამინისტროს და მინისტრ თეა წულუკიანს, რომ ასეთ რეზონანსულ საქმეებზე პასუხისმგებლობა გაიზიაროს“,- განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში არჩილ კაიკაციშვილმა.
კაიკაციშვილის განცხადებით, ეროვნული დონის სასამართლოების ამოწურვის შემდგომ, როლანდ ბლადაძის საქმე შესაძლებელია, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გაიგზავნოს. თუმცა, მისივე განმარტებით, საქმის მოგების ალბათობის მიუხედავად, ეს არც მოსარჩელეს და არც საქართველოს ინტერესებს არ პასუხობს. მოსარჩელე მხარე ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებს მიმართავს, რომ მათი ძალისხმევით საქმეზე მორიგების ინსტიტუტი ამოქმედდეს, მოსამართლეს გამოუყონ ფართი და ბლადაძეს კუთვნილი ქონება დაუბრუნდეს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, აგრეთვე, მთავარ პროკურატურას მიმართავს, რათა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სათანადო ყურადღება დაუთმოს როლანდ ბლადაძისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ობიექტურად შეფასდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის მიერ ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრების კეთილსინდისიერების საკითხი და, საჭიროების შემთხვევაში, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები