დავით უსუფაშვილი: ასოცირების ხელშეკრულებით ჩვენ მყარად ვდგავართ ფეხზე

ჩვენ ძალიან მყარად ვდგავართ ფეხზე, საქართველოს ევროკავშირთან იურიდიული დოკუმენტი – ასოცირების შეთანხმება აკავშირებს – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, დავით უსუფაშვილი ევროკავშირის ახალ სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს. როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება არის ის გზა, რაზეც საქართველო ევროკავშირთან შეთანხმდა და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. მისივე თქმით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ორივე მხარე, საქართველოც და ევროკავშირიც აუცილებლად შეასრულებს.
„ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან მყარად ვდგავართ ფეხზე. ვინც ამ ამბავმა შეაშფოთა, ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს ევროკავშირთან იურიდიული დოკუმენტი აკავშირებს. მას ჰქვია ასოცირების შეთანხმება და ამ შეთანხმებაში რაც წერია, შესრულდება საქართველოს და ევროპის მხრიდანაც. ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება არის სწორედ ის გზა, რაზეც ჩვენ შევუთანხმდით ევროკავშირს და რაც გაგრძელდება. ამის შეცვლას და გადახედვას არავინ აპირებს, რასაც ევროპაში ამბობენ. ჩვენ ნუ გვეგონება, რომ ყველაფერს საქართველოზე ამბობენ”,- განაცხადა უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 1-დან 7 მარტის ჩათვლით ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს მართავს ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები