ნატო-ს “კრიზისების მართვის წვრთნებში” საქართველო წელს დამკვირვებლის სტატუსით იქნება

წარმოდგენილი კრიზისების მართვის საკითხში ნატო-ს ყოველწლიური წვრთნა წელს 4-10 მარტს ჩატარდება. ნატო-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კრიზისულ ვითარებაში გადაწყვეტილების მიღების თაობაზე სავარჯიშოები (Crisis Management Exercise – CMX15) წელს საზღვაო უსაფრთხოებაზეა ფოკუსირებული. ამავე ინფორმაციის თანახმად, წვრთნები სამხედრო ძალების რაიმე სახით განლაგებას არ ითვალისწინებს. ნატო-ს საბჭოს წევრები საზღვაო სფეროში კრიზისულ ვითარებაში გადაწყვეტილებების მიღების პროცედურებს ელჩების დონეზე შეიმუშავებენ. წვრთნებში ჩართული იქნება სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი ნატო-ს წევრი ქვეყნების დედაქალაქებსა და ნატო-ს შტაბბინაში. გარდა ნატო-ს წევრი ქვეყნებისა, წვრთნებში მონაწილეობას ნატო-ს პარტნიორი ქვეყნებიც მიიღებენ, მათ შორის ავსტრალია, ფინეთი, იაპონია, შვედეთი და უკრაინა. ხოლო საქართველო, სამხრეთ კორეა და ახალი ზელანდია დამკვირვებლის სახით იქნება წარმოდგენილი. წვრთნებზე დაკვირვებისა და ინფორმაციის გაცვლის მიზნით მიწვეულნი არიან ევროკავშირის და გაერო-ს სტრუქტურები, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო. ნატო-ს ოფიციალურ გვერდზე ნათქვამია, რომ წვრთნები შექმნილია, რათა სტრატეგიულ პოლიტიკურ-სამხედრო დონეზე ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს პროცედურების გამოცდა მოხდეს. წვრთნებით გათვალისწინებული სავარჯიშოები გადაწყვეტილების მიღების პროცესის ფიქტიურ სცენარებს ეფუძნება. ეს კრიზისების მართვის საკითხში მე-19 წვრთნაა. მსგავსი წვრთნები 1992 წლიდან იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები