„ქართული ოცნების” შემომწირველებს შორის დეპუტატებიც არიან – რას აცხადებენ უმრავლესობის წევრები?

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ გიგა ბუკიას განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის “ქართული ოცნების” სასარგებლოდ შემოწირულება საკუთარი დანაზოგიდან განახორციელა. „მქონდა გარკვეული დანაზოგი. ამ დანაზოგიდან მომავალშიც ვეცდები, შეძლებისდაგვარად, გავაკეთო შეწირულობა და მივიღო მონაწილეობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში“,- აცხადებს დეპუტატი.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთ წევრს ბიძინა გუჯაბიძეს, ის აცხადებს, რომ თანხას ბინის საყიდლად აგროვებდა, თუმცა საბოლოოდ ბინის ყიდვაზე უარი თქვა და თანხა “ქართული ოცნების“ ანგარიშზე ჩარიცხა. „ნაგროვები თანხა მქონდა, ბინა უნდა მეყიდა. 43 წელია თბილისში ვცხოვრობ, თანხებს პერიოდულად ვაგროვებდი, პირადად მე საპრეზიდენტო ფონდში ჩავრიცხე თანხა“, -განაცხადა გუჯაბიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2014 წელს შემოწირულობის სახით ექვს მილიონზე მეტი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახური აქვეყნებს. მათი ცნობით, მმართველი კოალიციის ანგარიშზე მხოლოდ შემოწირულობის სახით 6 მილიონ 157 ათას 751 ლარი ჩაირიცხა. ქართული ოცნების” შემომწირველებს შორის დეპუტატები და მთავრობის წევრებიც არიან.
“ქართული ოცნების“ შემდეგ ყველაზე მეტი შემოწირულობა ნინო ბურჯანაძის პარტიაზე მოდის. “დემოკრატიულმა მოძრაობამ “ 342 ათას 53 ლარი მიიღო. მესამე პოზიცია დაიკავა ყოფილმა მმართველმა გუნდმა. “ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე შემოწირულობის სახით 237 ათას 351 ლარი დაირიცხა. მეოთხე და მეხუთე ადგილი“პატრიოტთა“ ალიანსმა და “საქართველოს გზამ“დაიკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები