ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
საქართველოს მთავრობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის რეფორმირებაზე მუშაობს, – ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლიტვის იუსტიციის მინისტრს იუზას ბერნატონისს დღევანდელ შეხვედრაზე მიაწოდა.
პრემიერის განმარტებით, რეფორმა უწყებების სისტემურ და სტრუქტურულ გაუმჯობესებას, მათი გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის გაზრდას ემსახურება. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში მართლმსაჯულებისა და საკანონმდებლო სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიღებულია ანტიდისკრიმინაციული კანონი, ასევე, გრძელდება მუშაობა სისხლის სამართლის კოდექსის საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე. პრემიერმა ლიტვის იუსტიციის მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა შრომის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ შედეგად მოსახლეობამ გაცილებით დაბალანსებული შრომითი კანონმდებლობა მიიღო. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურის თქმით, პარლამენტმა, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. შეხვედრის დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილმა იუზას ბერნატონისს წინასწარ მიულოცა ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავი, რომელსაც ქვეყანა 11 მარტს ზეიმობს.