“გვენეტაძის დასახელებით პრეზიდენტმა ღირსეულებს შორის საუკეთესო შეარჩია“

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესსა და ნინო გვენეტაძის შანსებზე ისაუბრა. კახიანის განმარტებით, გვენეტაძის მიმართ უმრავლესობაში დადებითი განწყობაა, რის გამოც იმედოვნებს, რომ გვენეტაძის კანდიდატურა მხარდაჭერას მოიპოვებს. მისი თქმით, გვენეტაძე არის კანდიდატი, რომელიც კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მისი წარდგენით პრეზიდენტმა საუკეთესოთა შორის საუკეთესო შეარჩია.
„ის გაურკვევლობა, რაც უმრავლესობაში კანდიდატთან დაკავშირებით გაჩნდა, იმ პროცესის ლოგიკური შედეგი იყო, როგორც წარიმართა კანდიდატის შერჩევა. უმრავლესობისთვის უცნობი იყო წინასწარი შეთანხმების შესახებ. კომიტეტებმა ნინო გვენეტაძეს მხარი დაუჭირეს, ფრაქციებშიც და, ზოგადად, უმრავლესობაში მის მიმართ საკმაოდ პოზიტიური განწყობაა. არის განსხვავებული შეხედულებებიც, მაგრამ მასზე რაღაც აშკარა საწინააღმდეგო შეხედულებები არ მომისმენია. მე პირადად მის მიმართ საკმაოდ დადებითი დამოკიდებულება მაქვს და შემიძლია გითხრათ, რომ იმ კანდიდატებს შორის, რომელთა შემადგენლობიდანაც პრეზიდენტს უნდა დაესახელებინა თავმჯდომარის კანდიდატურა, ბევრი ღირსეული იყო. ქალბატონ ნინოს დასახელებით კი, ვფიქრობ, ერთ-ერთი ღირსეული შეარჩია. ნინო გვენეტაძე სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იმედი მაქვს, საერთო ჯამში, ის მხარდაჭერას მოიპოვებს. ამ საკითხზე მსჯელობა შემდეგ სასესიო კვირაში იქნება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები