პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების საკითხს პოლიტსაბჭო შაბათს გადაწყვეტს
„ფრაქციების ფორმატში პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების ვაკანტურ პოსტებზე კანდიდატურები უკვე განიხილეს. ფრაქციების შემდეგ ეს უმრავლესობის ფორმატში განიხილება, რის შემდეგაც ამ საკითხზე კოალიციის პოლიტსაბჭო იმსჯელებს“,- აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
კახიანის განცხადებით, კანდიდატურების საკითხს კოალიციის პოლიტსაბჭო შაბათს განიხილავს.
„საქართველოს პარლამენტში 2 კომიტეტის – დიასპორისა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტების თავმჯდომარის პოსტები ვაკანტურია. დღემდე იურიდიულად ვაკანტური არ არის საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტები, რადგან ვიქტორ დოლიძე მივლინებაში იმყოფება და, სავარაუდოდ, ის განცხადებას ჩამოსვლის შემდეგ დაწერს.
უმრავლესობა ცოცხალი და რთული ორგანიზმია, რომელიც 7 ფრაქციის განშედგება. თუ ვინ დაიკავებს მათ ადგილებს ფრაქციებში, განხილულია. შემდგომ კი უკვე უმრავლესობის ფარგლებში განვიხილავთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატურებთან მიმართებაში პოლიტსაბჭოს სხდომაზე ხდება. პოლიტსაბჭო ამ საკითხზე შაბათს იმსჯელებს. ფრაქციის ფარგლებში ვიქტორ დოლიძის შემცვლელად ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურა იყო განხილული. საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე თამაზ მეჭიაურის კანდიდატურა დასახელდა, თუმცა რომელი კანდიდატი დასახელდა სხვა ფრაქციებში, არ ვიცი. საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ ვინ დასახელდნენ კანდიდატებად, პოლიტსაბჭო მიიღებს“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.