ზურაბ აბაშიძე: ამერიკელი კოლეგები გვეუბნებიან, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს რუსეთთან დიალოგი
ამერიკელი კოლეგები გვეუბნებიან, რომ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი რუსეთთან, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ „მოამბეში“ ჩართვისას განაცხადა.
როგორც აბაშიძემ აღნიშნა, მისი და კარასინის შეხვედრების საკითხი ევროკავშირის ინტიტუტებში განიხილეს. მისივე თქმით, მათგან და ამერიკელი კოლეგებისგან ამ დიალოგის სრული მხარდაჭრა არსებობს.
როგორც აბაშიძემ განაცხადა, ორ ქვეყანას შორის სწორედ დაძაბული ვითარების დროს უნდა ამოქმედდეს დიპლომატია.
„ჩემი კარასინთან შეხვედრების საკითხი ევროკავშირის ინსტიტუტებში განვიხილე და ცალსახა მხარდაჭერაა ჩვენი ამერიკელი კოლეგებისგან. ისინი გვეუბნებიან, რომ უნდა გავაგრძელოთ ეს დიალოგი, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ეს დიალოგი. რატომ ელაპარაკებიან ევროპელები რუსებს, როცა მათ სანქციები დაუწესეს? უკრაინელებს საომარი მდგომარეობა აქვთ და მათ დიპლომატიური ურთიერთობები მაინც არ გაუწყვეტიათ. იმიტომ, რომ როცა ქვეყნებს შორის დაძაბული სიტუაციაა, სწორედ მაშინ უნდა ამოქმედდეს დიპლომატია. დიპლომატია სწორედ ამისთვის მოიგონეს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.