ზურაბ აბაშიძე: კინკლაობაში მონაწილეობის მიღება ჩემი სტილი არ არის, მაგრამ ზღვარს გადასცდნენ
კინკლაობაში მონაწილეობის მიღება ჩემი სტილი ნამდვილად არ არის, მაგრამ რაღაც ზღვარი არსებობს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, მის წინააღმდეგ შეტევა მაშინ დაიწყო, როდესაც ის საქართველოში არ იმყოფებოდა და პასუხის გაცემის საშუალება არ ჰქონდა. „სეირსა და კინკალობაში მონაწილეობის მიღება ჩემი სტილი ნამდვილად არ არის. ისიც ფაქტია, რომ თუკი დებატებში ვერთვებოდი, მაქსიმალურად თავშეკავებული ვიყავი, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც ზღვარი არსებობს. გასულ კვირას, როცა მე თბილისში არ ვიყავი, ამ თემას დაუსრულებლად და ყველა კონტექსტში ატრიალებდნენ. მე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ მყავს მხედველობაში, რადგან ამას მე დიდ ანგარიშს არ ვუწევ, მაგრამ როდესაც ახლობლებისგან, მეგობრებისგან იწყება ასეთი შეტევა, აშკარად პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, რომ ვიღაცას რაღაცაში გაასწრონ, სადღაც დაწინაურდნენ, თავი გამოიჩინონ და ამის გამო ასეთი დაუმსახურებელი კრიტიკა იწყება და ეს ხდება მაშინ, როცა აქ არ ვიყავი და მთელი კვირის განმვალობაში პასუხის გაცემის საშუალება არ მქონდა, ვუყურებდი და ვუსმენდი ამ ყველაფერს და ძალიან მტკივნეული აღსაქმელია ეს. სულ არ გავცემდი პასუხს, რაღაც ზღვარს რომ არ გადასცდომოდა ეს ყველაფერი. ახლა დავბრუნდი თბილისში, დღეს ერთი-ორი პასუხი გავეცი და თურმე ამის გაკეთებაც არ შეიძლება, თურმე შეურაცხმყოფელია ეს ჩემი მხრიდან და აქეთ გადმომაბრალეს, შენ მეგობრობა არ გცოდნიაო“,- განაცახადა ზურაბ აბაშიძემ.