ტრაგიკულად გარდაცვლილი ნინი და დათო გვასალიების ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო გაიმართება

დღეს საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ტრაგიკულად გარდაცვლილი ნინი და დათო გვასალიების ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო გაიმართება . გარდაცვლილი ახალგაზრდების დედის ლალი ცინცაძის განცხადებით, საღამოზე შეგროვილი თანხა მოხმარდება ისეთ ადამიანს, ვის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება. ლალი ცინცაძის თქმით, საღამოზე მოეწყობა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ნინი გვასალიას გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები, ასევე ფოტოები; დათო გვასალიას შექმნილი მუსიკა, რომელიც მან გარდაცვალებამდე დაწერა. ლალი ცინცაძის ინფორმაციით, საღამოზე დათო გვასალიას მუსიკალური ნაწარმოებების ალბომიც იქნება წარმოდგენილი; დამსწრეებს შესაძლებობა ექნებათ, ნებისმიერი ნამუშევარი შეიძინონ და, შესაძლებლობის მიხედვით, თანხა სპეციალურ ყუთში მოათავსონ.
“ნინიც და დათოც ქველმოქმედები იყვნენ. მათი დაკარგვის შემდეგ გავიგე მათ მიერ გაწეული დახმარებების შესახებ სხვადასხვა ადამიანების მიმართ. ჩემს შვილებს არ უყვარდათ ამის აფიშირება და სახლშიც არაფერს ამბობდნენ. მინდა, რომ საღამოზე შემოსული თანხით გადავარჩინოთ თუნდაც ერთი სიცოცხლე”, – განაცხადა ლალი ცინცაძემ. გარდაცვლილების დედა მადლობას უხდის იმ შემოქმედებით ჯგუფს, რომელმაც საღამოს ორგანიზება მოახერხა. ღონისძიების ორგანიზიებაში მონაწილეობდნენ, აგრეთვე, მუსიკოსები ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი, ასევე “სანოს სტუდია” და ფონდ “იავნანას” სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ჯორბენაძე.
ნინო და დათო გვასალიების დედის განცხადებით, საქველმოქმედო საღამოს კიდევ ერთი დატვირთვა ექნება, კერძოდ, მისი შვილების ტრაგიკული ბედი გამოწვეული იყო დეპრესიით და საღამო ყველა მშობლისთვის იქნება გამაფრთხილებელი ხასიათისაც, რათა მომავალში მსგავსი ისტორია აღარ განმეორდეს. ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ნინი და დათო გვასალიების ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო 1-ელ მარტს, 18:00 საათზე მოეწყობა. გარდაცვლილების დედის ინფორმაციით, 1 მარტი სიმბოლურად შეირჩა, რადგან ამ დღეს ნინო გვასალიას დაბადების დღეა. და-ძმა ნინი და დათო გვასალიებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები