შესაძლებელია თუ არა გიორგი ქადაგიძის იმპიჩმენტი – რა შემთხვევაში დატოვებს ის თანამდებობას

რა შემთხვევაში შეიძლება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვოს? გიორგი ქადაგიძეს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2016 წელს ეწურება. მოუწევს თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თანამდებობის დატოვება ვადაზე ადრე – „კვირა“ ამ კითხვით დაინტერესდა და გაარკვია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტმა შესაძლებელია ორ შემთხვევაში განიხილოს. კერძოდ, ეს არის კონსტიტუციის დარღვევის, ან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.

თუ გავითვალისწინებთ, ყოფილი პრემიერ- მინისტრის ბიძინა ივანიშვილის საგანგებო განცხადებას, მან ლარის კურსის გაუფასურების გამო, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე უმოქმედობაში დაადანაშაულა. როგორც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი გიორგი ქადაგიძის არასწორმა ქმედებებმა შექმნა.
„სწორედ ეროვნული ბანკის კომპეტენცია და პირდაპირი მოვალეობა იყო სიტუაციის სწორად მართვა, რათა საქმე არ მისულიყო არაადეკვატურ განვითარებამდე. ჩვენ კი დავინახეთ საწინააღმდეგო, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე. ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ბერკეტი, რომ უზრუნველყოს მცურავი კურსის პირობებში ეროვნული ვალუტის დასტაბილურება. ყველა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინები, დღეს ლარის გაცვლითი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2.0 ლარს და მოვუწოდებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები”, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში“.

საქართველოს კონსტიტუციის 96 – ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომლის წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადაყენება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით, 64-ე მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 11015161_912013125487848_2132026374_n

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს მიაჩნია, რომ გიორგი ქადაგიძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება მარტივი პროცედურა არ არის.

„ეს მარტივი პროცედურა არ არის. იმპიჩმენტის წესით პირის გათავისუფლება შეიძლება მოხდეს კონსტიტუციის დარღვევის, ან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.

ამ შემთხვევაში, ეს საკითხი უნდა წარადგინოს პარლამენტის 1/3 – მა, თან უნდა დაასაბუთოს, არის თუ არა კონსტიტუციის დარღვევა, თუ დანაშაულის ნიშნები. ამის შემდეგ, ეს მოთხოვნა საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გადაეგზვნოს, რომელმაც უნდა თქვას, არის თუ არა დანაშაულის ნიშნები, ან დაარღვია თუ არა პირმა კონსტიტუცია. თუ ასეთი დასკვნა იქნება, მაშინ იმპიჩმენტის შესახებ საკითხი დადგება. ამის შემდეგ, პარლამენტში კენჭისყრაზე გადის საკითხი, რომელსაც მხარი უნდა დაუჭიროს სრული შემადგენლობის უმრავლესობამ. თუ პარლამენტის 76 წევრმა მხარი არ დაუჭირა თანამდებობიდან მის გადაყენებას, პირი თანამდებობიდან ვერ გათავისუფლდება”, – ამბობს ვახტანგ ხმალაძე.
ეკონომიკის საკითხებში ექსპერტს გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ გიორგი ქადაგიძის თანამდებობიდან გადაყენება დღევანდელ მთავრობას პარლამენტის დახმარებით შეეძლო, თუმცა მთავრობამ რატომღაც ეს არ გამოიყენა. ექსპერტს მიაჩნია, რომ დღეს პარლამენტი გიორგი ქადაგიძის იმპიჩმენტის საკითხს არა თუ აყენებს, არამედ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ უკმაყოფილობასაც კი არ გამოთქვამენ.11014782_912013222154505_1624615736_n

„ხელისუფლებას რომ მოენდომებინა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენება, გიორგი ქადაგიძეს, ძალიან მარტივად პარლამენტის დახმარებით გადააყენებდა და ის დღეს თანამდებობაზე აღარ იქნებოდა. პარლამენტს შეეძლო ნებისმიერ დროს გიორგი ქადაგიძის მიმართ იმპიჩენტის საკითხი დაეყენებინა. უფრო მეტს გეტყვით, გსმენიათ რაიმე უკმაყოფილება პარლამენტის რომელიმე წევრისგან გიორგი ქადაგიძის მიმართ? პარლამენტს შეეძლო იმპიჩმენტის თემა წამოეწია და არც მივიდოდა აქამდე. დარწმუნებული ვარ, რომ ეთქვათ, გიორგი ქადაგიძე თვითონვე წავიდოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან. არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, მის მიმართ აქამდეც რომ გამოეთქვათ უკმაყოფილება“ – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი.

ექსპერტისაგან განსხვავებული მოსაზრება აქვს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს რომან გოცირიძეს, რომელმაც წლების წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. აღსანიშნავია, რომ რომან გოცირიძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს თანამდებობაზე 2005 წელს 7 წლის ვადით დაინიშნა, მან თანამდებობაზე მხოლოდ 2 წელი დაჰყო. 2007 წლის ოქტომბერში მან თანამდებობა დატოვა. მაშინ რომან გოცირიძემ მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზად პოლიტიკური გარემოებებისათვის ანგარიშის გაწევა და ყოფილი პრემიერ- მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან დაპირისპირება დაასახელა. ”როდესაც სათქმელი გაქვს ძალიან ბევრი, სჯობს არაფერი თქვა”, – თქვა მაშინ ეროვნული ბანკის ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

დღეს კი ღიად საუბრობს მაშინდელი მთავრობის შესახებ და „კვირასთან“ საუბრისას რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ეს იყო მაშინდელი მთავრობის შეცდომა.11022927_912012548821239_695481037_n

გოცირიძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეროვნულ ბანკში მისი მმართველობის დროს 1.4 მლრდ ლარს გადააჭარბა უცხოური ვალუტის რეზერვებმა, რაც ისტორიული მაქსიმუმია საქართველოსთვის.

”სხვათა შორის, როცა მე მოვედი, ის იყო მხოლოდ 200 მლნ, დღეს კი არის 7,5-ჯერ მეტი,”- დასძინა მან. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ლარის კურსის ვარდნამ კატასტროფა განიცადა, რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ გიორგი ქადაგიძემ თანამდებობა არ უნდა დატოვოს. მისი თქმით, მაშინაც ეროვნული ბანკის მიმართ ინტრიგები ხორციელდებოდა და დღეს მთავრობას ურჩევს, რომ „ზუსტად არ უნდა გაიმეოროს არცერთმა მთავრობამ ის შეცდომა, რაც ჩემთან მიმართებაში მოხდა“.
როგორც გოცირიძე „კვირასთან“ აცხადებს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს ლექსო ალექსიშვილის დანიშვნა სურდა. „ეროვნული ბანკის მიმართ ინტრიგების წამოწევა ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის უფრო გაუარესებას. ნაცვლად იმისა, რომ გადაარჩინონ ლარი, ცდილობენ მთავრობის გადარჩენას. სწორედ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად აღმოჩნდა ეროვნული ვალუტა ამ დღეში. სწორედ მთავრობის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგია ეროვნული ვალუტის დევალვაცია. დღეს, გიორგი ქადაგიძის გადაყენების საკითხი არის თემა, რომ გადაფარონ ლარის კურსის ვარდნის პროცესი. ამჟამად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოშია, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი სერიოზულ განცხადებას გააკეთებენ, რომ ამ პროცესების წამოწყება საქართველოს არ უქადის არაფერს კარგს.

ეროვნულ ბანკს შეეძლო გამოეყენებინა თავისი რეზერვები მთლიანად, მაგრამ რამდენიმე თვეში ქვეყანა შიშველი ხელებით დარჩებოდა ეკონომკის გამოწვევების წინაშე”. – ამბობს რომან გოცირიძე.

აღსანიშნავია, რომ ლარის გაუფასურების შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მთავრობა 2014 წლის ნოემბერში გააფრთხილა. შარშან დეკემბერში, როდესაც ლარის კურსმა 1,95-ს მიაღწია, გიორგი ქადაგიძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ეროვნულმა ბანკმა მთავრობისგან მიიღო დაპირება, რომ ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა არ მოხდებოდა. თუმცა, მთავრობამ დაპირება არ შეასრულა და ბიუჯეტის ხარჯვა დეკემბერში გააორმაგა, რის შედეგადაც ერთ თვეში მან 1,25 მილიარდი ლარი აითვისა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: 2015 წლის 23 თებერვალს მთავრობამ ადმინისტრაციული ხარჯების 12 პროცენტით შემცირება დააანონსა. თუმცა ირკვევა, რომ ამ განცხადებამდე 13 დღით ადრე ნოდარ ხადურის უწყებამ 4 მილიონ 700 ათასი ლარი უცხოელ სტუმართა ვიზიტის მხოლოდ ერთი ნაწილისთვის გამოყო. კერძოდ,  67 ტოიოტა ქამრი იბიარდის  წარმომდგენელთა 5-დღიანი მომსახურებისთვის.

გიორგი ქადაგიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტად 2009 წელს დაინიშნა. მას თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2016 წელს ეწურება.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები