ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებულ სამიტს და მზად ვართ, ვაჩვენოთ არსებითი წინსვლა ევროინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელების გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ამბიციაა, იქცეს წარმატების მაგალითად რეგიონში და ცხადყოს ევროინტეგრაციის გარდამქმნელი ძალა.
„ასოცირების ხელშეკრულება არ არის საბოლოო მიზანი ჩვენს ურთიერთობებში ევროკავშირთან – ის მხოლოდ გზას უხსნის ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. საქართველოს მთავრობა კონცენტრირებულია ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროპული დღის წესრიგის სარგებლის ცხადყოფაზე“, – განაცხადა პრემიერმა და იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისია დადებითად შეაფასებს საქართველოს წარმატებებს და გასცემს რეკომენდაციას მისი მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრმა რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალთან ე.წ შეთანხმებების გაფორმება რეგიონების ანექსიის მცდელობად შეაფასა, ასევე, შეშფოთება გამოთქვა უკრაინის კრიზისის გამო. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო იყო და არის ევროკავშირის სანდო პარტნიორი მთელს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.
საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებაზე ისაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
დონალდ ტუსკმა საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანა უწოდა და ვიზის ლიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს პროგრესზე ისაუბრა.
„საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანაა. ეს არ არის კომპლიმენტი, ეს ფაქტია. ვიზის ლიბერალიზაციის მხრივ, ჩვენ ველოდებით შედეგს, დადებით რეკომენდაციებს და იმედი მაქვს, ჩვენი შემდეგი შეხვედრა რიგაში, ამ მიმართულებით წარმატებული იქნება“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რუსეთის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმთან ე.წ შეთანხმების გაფორმება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად შეაფასა და განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მტკიცედ განაგრძობს არაღიარების პოლიტიკას.