ფერების ფესტივალი, რომელსაც სიყვარულის ფესტივალსაც უწოდებენ, მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული ღონისძიებაა. Holi – ამ სახელწოდებით ცნობილი ფესტივალით გაზაფხულის დადგომას აღნიშნავენ და ის მზის შუქთან ერთდ ბუნების ფერებით არის სავსე.
ფესტივალი უძველესი ინდური რელიგიური დღესასწაულია, სხვადასხვა ქვეყნებსა და კულტურებში რელიგიური შინაარსი დაკარგა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები ყოველწლიურად ატარებენ.
ფესტივალში მონაწილე ადამიანები სოციალური ნორმებისაგან თავისუფლდებიან და ამ დღეს ყველა ერთად აღნიშნავს, განურჩევლად სოციალური ფენისა, რელიგიური შეხედულებებისა თუ სქესისა. მონაწილეები ერთმანეთს ფერად საღებავს აყრიან და შეღებილ წყალს ასხამენ.
მსოფლიოს ამ პოზიტური ღონისძიებისთვის შეერთება საქართველომ 2012 წელს პირველად სცადა, თუმცა არც ისე პოზიტიურად. ფერების ფესტივალზე მისული „სუფთად“ დარჩენილი ქართველი ახალგაზრდები უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ღონისძიება არაორგანიზებული იყო, ფერები კი – არასაკმარისი. ფერების ფესტივალის საქართველოში წარუმატებლად ჩატარებას თავად სტუმრების არაორგანიზებულებასაც უკავშირებდნენ. ზოგიერთი მონაწილე საუბრობდა, თუ როგორ არ დაემორჩილნენ ახალგაზრდები ორგანიზატორების მითითებებს და თვითნებურად მოიქცნენ, რამაც საბოლოოდ გაუგებრობა გამოიწვია.
2012 წლის შემდეგ საქართველოში ფერების ფესტივალი აღარ გამართულა. 2012 წლის 24 მაისს გამართული ღონისძიება კი იყო “ფერების ფესტივალი + ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი”, რომელსაც ორგანიზება „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრმა“ გაუწია.
„კვირა“ დაინტერესდა, რატომ აღარ იმართება საქართველოში მსოფლიოში პოპულარული ფესტივალი და იგეგმება, თუ არა წელს ან მომავალში ქვეყანაში მისი განახლება. ამ მიზნით 2012 წელს გამართული ღონისძიების ორგანიზატორს დავუკავშირდით.
ცენტრის პრესსამსახურის პასუხიდან ირკვევა, რომ 2013 წელს განსახორციელებელ ღონისძიებებს შორის ფერების ფესტივალი აღარ მოხვდა, რადგან პრიორიტეტი სხვა პროექტებს მიენიჭა.
ამასთან, მათივე განმარტებით, 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 26 თებერვლამდე ცენტრში არ შესულა არც ერთი მოთხოვნა და ინიციატივა, რომლის თანახმადაც ცენტრის შემოქმედებითი გუნდი ამ ერთ კონკრეტულ ფესტივალზე მუშაობას დაიწყებდა.
„გათვალისწინებული იქნა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც წამოვიდა მოზარდებისგან – არაფორმალური განათლება, მათი ინიციატივების ხელშეწყობა, შშმ მოზარდთა უფლებები, მათი დაცვა და ინტეგრირება საზოგადოებაში, შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენა, ღია ცის ქვეშ კულტურული და სპორტული აქტივობები. ამ ყველაფრის თანახმად, გამორჩეული იყო ის მასშტაბური ღონისძიებები, რომელიც დაიგეგმა – საქართველოში უპრეცედენტო ფესტივალი „ფანART“-ი, რომელმაც ხელოვნების 10 დარგი მოიცვა და 10 დღეს გრძელდებოდა (კინო, როკი და ალტერნატიული მუსიკა, კლასიკური მუსიკა, ჯაზი, თეატრი, მხატვრობა, ფოტოგრაფია, მულტიმედია, საავტორო ან იმპროვიზირებული კლასიკური მუსიკა, ლიტერატურა), ღია ცის ქვეშ მუსიკის ფესტივალი „საუნდჩეკი“, რომელმაც მუსიკის 7 ჟანრი (კლასიკა, როკი, ფოლკლორი, ალტერნატიული მუსიკა, პოპი, ელექტრონული მუსიკა, ჯაზი) გააერთიანა და რომელიც დედაენის ბაღში 7 დღის მანძილზე გაიმართა. 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 26 თებერვლამდე არ შემოსულა არც ერთი მოთხოვნა და არც ერთი ინიციატივა, რომლის თანახმადაც ცენტრის შემოქმედებითი გუნდი დაიწყებდა ამ ერთ კონკრეტულ ფესტივალზე მუშაობას. რომ არსებულიყო მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში ამ ფესტივალის გამართვის ინტერესი, ინტერნეტსივრცეში (ცენტრის ფეისბუქგვერდი, ვებგვერდი) ერთი ადამიანი მაინც დასვამდა ამ კითხვას, ან ახალგაზრდების ჯგუფი ამ ფესტივალის გამართვის მოთხოვნით საჯაროდ მოგვმართავდა, რადგან, ზოგადად, ცენტრი ღიაა ასეთი იდეებისა და ინიციატივების მისაღებად. როგორც ჩანს, 3-დღიანი ფერების ფესტივალზე (რომელიც, სხვათა შორის, ამ სახელწოდებით არსად ჩანს დამტკიცებულ პროექტად) უფრო მასშტაბური აღმოჩნდა ორი ფესტივალი – ერთი 10-დღიანი, მეორე – 7 დღიანი“, – აცხადებენ ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში.
რაც შეეხება 2012 წელს ჩატარებული ღონისძიების მიმართ გამოთქმულ უკმაყოფილებას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთ-ერთი პრეტენზია იყო ის, რომ ფერების ფესტივალზე ფერების სიმწირე შეიმჩნეოდა.
„დაპირებამ საკმარისი რაოდენობის ფერადი ფხვნილის შესახებ, არ გაამართლა. არც ფერთა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა ფესიტვალი მაინცდამაინც. ძირითადად, ლურჯი და მწვანე ფერები იყო, როცა ანალოგიურ ფესტივალებზე პასტელის ფერები დომინირებს ხოლმე და მონაწილეებიც უფრო ფერადები არიან. საბოლოოდ ყველა ფერადი კი არა, მწვანეები გამოვედით“, – ამბობდა ფესტივალის ერთ–ერთი მონაწილე.
კიდევ ერთი მონაწილე კი სოციალურ ქსელში წერდა: „სასაცილო იყო ეს ყველაფერი. ხელით იზელდა ხალხი საღებავს, იქნება რამე მეშველოსო“.
ღონისძიების ორგანიზატორი „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი“ ადასტურებს, რომ 2012 წელს ფერების ფესტივალი ფერების მინიმალური გამოყენებით ჩაატარეს.
„როკისა და ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი“ გაგრძელდა 3 დღის მანძილზე და დასრულდა ფერების მინიმალური გამოყენებით“, – აცხადებენ ცენტრში.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ღონისძიება კუს ტბაზე 2012 წელს, 24 მაისს, ხუთშაბათს, სამუშაო დღეს ჩატარდა. ერთ-ერთი ახალგაზრდა ფესტივალის წარუმატებლობას სწორედ მის სამუშაო დღეს ჩატარებას უკავშირებდა, რის შესახებაც ის საკუთარ ბლოგზე წერდა.
„გუშინ ფერების ფესტივალი ჩატარდა თბილისში. დამაგვიანდა, მაგრამ შეღებილი ხალხის დანახვის შემდეგ, გული არც კი დამწყდა, ისეთი მკვდარი ლურჯ–მწვანე ფერისები იყვნენ. ერთი კადრიც კი არ გადამიღია. თან სულ თინეიჯერები დარბოდნენ, მაგრამ სხვას რა უნდა ელოდო, როცა ფესტივალი სამუშაო დღეს, სამუშაო საათებში ტარდება“, – წერდა ღონისძიების ერთ-ერთი სტუმარი.
რაც შეეხება მეორე მხარეს – სტუმრების არაორგანიზებულებას და თვითნებურ საქციელს, ამის შესახებ ღონისძიების კიდევ ერთი სტუმარი წერდა.
„მაინც კარგია, ეს წინგადადგმული ნაბიჯია და შემდეგი იქნება უკეთესი, ან ძალიან კარგი. ერთმანეთი გადათელეს საღებავების და, ასე ვთქვათ, ფეისბუქის პროფილის სურათების გამო. დარიგებაც კი არ აცადეს ორგანიზატორებს. გადაჯეგეს ერთმანეთი, საღებავი თავზე რომ დაეყარათ და სახეზე კარგად მიეზილ-მოეზილათ და მაინც, მადლობა ორგანიზატორებს“, – აღნიშნავს „ჰოლის“ კიდევ ერთი მონაწილე.
თბილისური „ჰოლის“ შესახებ ერთ-ერთ სტატიაში ავტორი კი აღნიშნავდა: „მაღალმა ბიჭებმა ქვიშის ყუთებს სტაცეს ხელი და უმიზნოდ მიმოფანტეს მიწაზე. ბავშვები ცდილობდნენ, რაც შეიძლებოდა, მალე ჩაეგდოთ ხელში ფერადი პაკეტები, თუმცა აღებისთანავე საკუთარ მეგობრებს აყრიდნენ. გოგონები წინა რიგებში ისრისებოდნენ და ერთი სული ჰქონდათ, როდის დასრულდებოდა ეს ყველაფერი.
ორგანიზატორები ცდილობდნენ, ფერადი ქვიშისათვის მებრძოლი ახალგაზრდები ოდნავ მაინც დაეშოშმინებინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ყველა ითხოვდა ქვიშას, თუმცა არავინ ინახავდა იმ რამდენიმე წამისთვის, როდესაც თბილისის ცა უნდა გაფერადებულიყო“.
განახლდება, თუ არა საქართველოში ფერების ფესტივალი და შეუერთდება თუ არა მომავალში ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთ პოზიტურ ღონისძიებას, უცნობია, თუმცა 2015 წლისთვის ჯერჯერობით არ იგეგმება.
ნიცა ბუხნიკაშვილი