“დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა…”
1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა ქვეყნის ეროვნული საბჭოს მიერ ოფიციალურად გამოცხადდა, რასაც რუსეთი ვერ შეეგუა და ყველანაირად ცდილობდა, საქართველო კვლავ თავის შემადგენლობაში დაებრუნებინა.
მიუხედავად იმისა, რომ 1920 წლის 7 მაისს მოსკოვში ბოლშევიკურ რუსეთსა და დამოუკიდებელ საქართველოს შორის სამშვიდობო და სამოკავშირეო ხელშეკრულება გაფორმდა, ამას რუსეთისათვის ხელი არ შეუშლია საქართველოს საზღვრები გადმოელახა და ქვეყანა დაეპყრო.
საქართველოს დაპყრობას მოსკოვში უშუალოდ სტალინი ხელმძღვანელობდა, ამიერკავკასიაში კი ამ საქმის მეთაური და შემსრულებელი სერგო ორჯონიკიძე იყო.
1921 წლის 12 თებერვალს საბჭოთა არმია საქართველოში შემოვიდა და თბილისისაკენ გაემართა. პარალელურად სოჭის მხრიდან რუსეთის მე-8 არმია შემოიჭრა, ასევე, ჩრდილოეთიდან რუსეთის სამხედრო ნაწილები შემოვიდნენ და ასეთივე შემოტევა ქვეყნის სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდანაც განხორციელდა.
გადამწყვეტი ბრძოლა კი კოჯრის მიდამოებში მოხდა.
სწორედ კოჯორი-ტაბახმელას მიდამოებში მოხდა 20-23 წლის ქართველი ახალგაზრდა სამხედროების, იუნკერების ტრაგიკული ბრძოლა.
“ყმაწვილებო! ბედნიერი ვარ მოგილოცოთ, რომ საშუალება გეძლევათ, თქვენი მოქმედებით დაადასტუროთ თქვენი სურვილი სამშობლოს სამსახურისა. მე, თქვენს მასწავლებელს და უფროსს, ეჭვი არ მეპარება, რომ ზუსტად შეასრულებთ მხედრულ მოვალეობას და პირნათლად წარსდგებით ქართული ისტორიის სამსჯავროს წინაშე. არ დაივიწყოთ ველად ყოფნისას, რომ ყოველ თქვენს ნაბიჯს მოწმედ ეყოლება იგივე ცა, მიწა და ბუნება, რომელიც არაერთხელ გაკვირვებულა ქართველთა გმირობით და უდრეკლობით სიკვდილის წინაშე. გაუმარჯოს ჩვენს საქმეს, გაუმარჯოს საქართველოს და ქართულ ჯარს ვაშა!” – ასე მიმართა იუნკერთა სკოლის ხელმძღვანელმა, გენერალმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა ქართველ ახალგაზრდა სამხედროებს ბრძოლის ველზე გამგზავრების წინ.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კოტე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი, მარო მაყაშვილიც დაიღუპა.
მარო მაყაშვილი ფრონტზე მოხალისედ ჩაეწერა. უნივერსიტეტის სიტყვიერებისა და სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტისთვის სამშობლო ყველაფერზე წინ იდგა. როდესაც ომი დაიწყო, მარო წითელი ჯვრის რაზმში ისე ჩაეწერა, რომ ოჯახში არავინ იცოდა. მშობლებმა მისი გადარწმუნება ვერ შეძლეს. უკანასკნელი წერილი მარო მაყაშვილმა სახლში 18 თებერვლის საღამოს გაგზავნა. როდესაც მეორე დღეს ოჯახის წევრებმა წერილი მიიღეს, მარო უკვე ცოცხალი აღარ იყო:
“ჩვენ ახლა ტაბახმელაში ვართ. იუნკრებს მიგვაწერეს. მათთან ერთად ვივლით. დარდი ნუ გაქვს. მტერი ძალიან შორს არის. აქ კარგ პიროვნებებთან ვარ. თქვენს თავს გაუფრთხილდით… ამ ერთ საათში ზევითკენ მივდივარ. შესაძლებელია, კოჯორში არ წავიდეთ, არამედ დაბლა, ტაბახმელაში. გკოცნით. ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად. თქვენი მარო”.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველებმა რუსების მიერ 20-21 თებერვალს განხორციელებული ორი იერიში მოიგერიეს, 23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა და 24 თებერვლისათვის ვითარება მეტისმეტად დაიძაბა.
25 თებერვალს კი თბილისში მე-11 წითელი არმია უბრძოლველად შემოვიდა და საქართველოს დედაქალაქი დაიკავა. ეს იყო საქართველოს უდიდესი ტრაგედია.
ორკვირიან უთანასწორო ბრძოლაში საქართველო დამარცხდა. თბილისის მერიის თავზე დამპყრობლებმა დამოუკიდებელი საქართველოს დროშის ნაცვლად საბჭოთა რუსეთის დროშა აღმართეს და ქვეყანაში საბჭოთა მმართველობა დამყარდა.
რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია სწორედ ასე მოხდა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ საქართველო დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. ქართველი იუნკერები კი გმირულად იბრძოდნენ წითელარმიელებთან.
დაღუპული გმირები, ქართველი იუნკერები ალექსანდრე ნეველის სახელობის სამხედრო ტაძრის ეზოში დიდი პატივით დაკრძალეს.
აღსანიშნავია, რომ 1897 წელს აგებული ალექსანდრე ნეველის ტაძარი, 1930 წლის 7 თებერვალს კომუნიტურ იდეოლოგიასა და რეჟიმს შეეწირა. ტაძრის დემონტაჟის შემდეგ, მის ადგილზე საქართველოს სსრ-ის მთავრობის სახლის ააშენეს, რომლის ადგილზეც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობა დგას.
რუსეთის საოკუპაციო ჯარი თბილისში, 1921 წლის 25 თებერვალი
ჩამოსვენებულნი ქართველი მებრძოლების გვამები თბილისში, ალექსანდრეს ბაღი, უკან დგანან საქართველოს გვარდიელები
კოჯრის შეტაკების დროს დაღუპული იუნკერი – ბენია გიორგაძე
იუნკერები ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში
თბილისის სამხედრო იუნკერთა სკოლა
იუნკერთა სასწავლებლის საცეკვაო დარბაზი. 1910 წელი
ქართველი იუნკერები
შალვა ერისთავი – ქსნის ერისთავთა შთამოავალი ნიკოლოზ (კოლა) ერისთავის ვაჟი. შალვა ერისთავი იყო ფეხბურთელი და იუნკერი. დაიღუპა კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე 1921 წლის 24 თებერვალს
ევგენ (გენო) ღვალაძე – ქართველი ადვოკატი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1921-1937 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) “თეთრი გიორგი”–ს ჯვრის კავალერი (1921, თებერვალი).
ბესარიონ კემულარია – კაპიტანი, 1921 წლის თებერვალს კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე დაღუპული
ბუჭუ დადიანი – ბაბო დადიანის ძმა. იუნკერი, 1921 წელს იბრძოდა კოჯრის, ტაბახმელას მონაკვეთზე.
გაბრიელ გეხტმანი – პროფესორ გიორგი გეხტმანის ვაჟი, იუნკერი, 1921 წელს კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე დაღუპული.
გრიგოლ კახაძე – 1921 წლის კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე მებრძოლი მოხალისე, დახვრიტეს 1924 წელს
ივანე მუჯირიშვილი – 1921 წელს კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე დაღუპული
იოსებ ჯანდიერი – იუნკერი, 1921 წლის თებერვალს კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე დაღუპული
მიხეილ თუმანიშვილი – ლეიტენანტი, 1921 წლის თებერვალს კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე დაღუპული
მიხეილ იოსელიანი – იუნკერრების სკოლის ასმეთაური
მიხეილ მაყაშვილი – იუნკერი
ნიკოლოზ კალანდარიშვილი დაიღუპა კოჯორთან
თაკო სონღულაშვილი
წყარო:
- ჯეოსელისა და ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი “ციფრული ფოტომატიანე”
- http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=7&npid=5&id=245
- http://www.nplg.gov.ge/geo/history/25_Tebervali_aneqsia_1921_/id470 “საქართველო არის ესე”, –ტ. 8.