ზურაბ ჟვანიას საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს

ზურაბ ჟვანიას საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ნათელა მოდებაძე, როგორც კი საბუთებთან დაკავშირებულ საკითხებს მოაგვარებს, საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, ნათელა მოდებაძემ ირლანდიის მოქალაქეობა ნოემბერში მიიღო, მისი შვილები დღესაც საქართველოში ცხოვრობენ, შესაბამისად, მისი უახლოესი გეგმებიც სწორედ შვილებთან სტუმრობას უკავშირდება.
გამოცემა მოდებაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. გეგმების მიუხედავად, ნათელა მოდებაძეს არ აქვს იმედი, რომ პროკურატურა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მაინც დაჰკითხავს. ნათელა მოდებაძე დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმის გამოძიება არც მოქმედი ხელისუფლების პირობებში მოხდება. მისი განცხადებით, რეალობის გარკვევის სურვილი რომ არსებობდეს, პირველ რიგში, ვასილ მაღლაფერიძეს დაიბარებდა პროკურატურა დაკითხვაზე და თავად მოდებაძის ავარიის ფაქტითაც დაინტერესდებოდა, რომელიც დღემდე გამოუძიებელია.

გახმაურებული საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე აცხადებს, რომ ირლანდიაში მომხდარი ავარიის საქმის გამოძიება ბევრ დეტალს ახდიდა ფარდას.

ნათელა მოდებაძე, ზურაბ ჟვანიას საქმის მთავარი მოწმე:

– ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც კვლავ გააქტიურდა ჟვანიას საქმის განხილვა, არავინ შემხმიანებია. სამაგიეროდ მანამდე იყო ბევრი ზარი, მირეკავდა ძალიან ბევრი ვითომ გამომძიებელი, გვარებიც მეწერა მათი და როდესაც მათი ვინაობა გადავამოწმე, აღმოჩნდა, რომ არც ერთი მათგანი პროკურატურაში არ მუშაობდა. ამის შესახებ გოგლა ჟვანიასაც ვუთხარი, ძალიან ბევრი ვინმე მირეკავს და ეს მაეჭვებს-მეთქი. თუმცა პროკურორმა ჩემი ვაჟები დაიბარა პროკურატურაში.
– მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა?
– დიახ, 2012 წელს.
– თქვენ შვილებს რა შეხება ჰქონდათ ამ საქმესთან, ისინი თვითმხილველები ხომ არ იყვნენ?
– რატომ დაიბარეს ჩემი ვაჟები, დღემდე არ ვიცი. არ დამავიწყდება მათი აგდებული საუბარი. როდესაც ჩემმა შვილებმა მათი ვინაობა იკითხეს, პასუხი ასეთი იყო: თქვენ მოდით დაბარებულ ადგილას და თავად შემოგიყვანენო. ასე რომ, ჩემმა შვილებმა არც კი იციან, ვისთან იყვნენ.
– რა კითხვები დაუსვეს, შეგიძლიათ, გვითხრათ?
– ჩემს შესახებ დაუსვეს კითხვები. ჩემს შვილებს საიდან უნდა სცოდნოდათ ის, რაც მე ვიცოდი? ჩემმა შვილებმა კი არა, ჩემმა უახლოესმა მეგობრებმაც არ იცოდნენ. მე ისეთი საფრთხე შემექმნა, რომ ხმამაღლა საერთოდ არ ვლაპარაკობდი ამ თემაზე. თუმცა ბევრი რამ ვიცოდი, იყო ბევრი დეტალი, რომელიც შემეძლო მეთქვა.
რა დეტალები?
– ბევრი რამ იყო, რაც მე ვიცოდი და ეს ვუთხარი მაშინ გოგლა ჟვანიასაც, გამოძიებასაც, თუმცა არავინ დაინტერესდა.
– და რატომ გადაწყვიტეთ იმ ადამიანების გადამოწმება, რომლებიც პროკურატურის სახელით გირეკავდნენ?
– ძალიან დამაეჭვა, იმდენი ზარი განხორციელდა ერთდროულად იმ პერიოდში. მეუბნებოდნენ, ჩავწეროთ თუნდაც სკაიპით, რაც თქვენ იცით, ან ჩვენ ჩამოვალთ ირლანდიაში და დაგკითხავთო. იძლეოდნენ დაპირებებს და ამით მთავრდებოდა ყველაფერი, შემდეგ იკარგებოდნენ. ამის შემდეგ მოვისმინე, როგორ გამოვიდა არჩილ კბილაშვილი და განაცხადა, ნათელა მოდებაძე დაკითხული გვყავსო, როგორ და რატომ გააკეთა ეს განცხადება, არ ვიცი. იგივე განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, სავარაუდოდ, კბილაშვილისგან ჰქონდა ეს ინფორმაცია.
– სინამდვილეში არავის დაუკითხიხართ?
– მე არავის დავუკითხივარ. ერთადერთი, ჩემი შვილები დაიბარეს. საერთოდაც, მიმაჩნია, რომ ჟვანიას საქმე კიდევ დიდხანს გაჭიანურდება. იგივეს ვიტყვი ეროსი კიწმარიშვილის, შარაძის საქმეებზეც. ეს საქმეები არ გაიხსნება.
– რატომ, რის საფუძველზე აკეთებთ ასეთ განცხადებას?
– ჩვენ არ ვართ დემოკრატიული ქვეყანა…
– ის, რომ ზურაბ ჟვანიას ძმა დღეს ხელისუფლებაშია, არაფერს ნიშნავს?
– გოგლამ ყველაფერი იცის, ის ვერაფერს შეცვლის, მას რისი შეცვლაც შეუძლია ეს არის ის, რომ კარგად იცხოვროს. ზურას შვილებს მოვლა უნდათ, გოგლას შვილებსაც. გოგლას კარგი ბიზნესი აქვს, გერმანიაში ახლახან მაღაზია გახსნა, მისი მეუღლე მინისტრის მოადგილეა. კარგი ცხოვრების მოწყობა მეც შემეძლო, თუნდაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს. თუკი სინდისისა და ნამუსის ძარღვს გაიწყვეტ ადამიანი, ყველაფერს შეძლებ… ჩვენ და ჩვენმა შვილებმა კი უნდა ვიბრძოლოთ, ვიომოთ, დავსახიჩრდეთ ფიზიკურადაც და სულიერადაც. ჩემი ვაჟი, რომელსაც 7 შვილი ჰყავს, მათ შორის ერთი ინვალიდი, რომელსაც განსაკუთრებული მკურნალობა ესაჭიროება, ჩემ გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. უკვე მეორე წელია, უმუშევარია, მაშინ როცა შვიდი წელი ისე იმუშავა, ერთი საყვედურიც არ მიუღია… დირექტორმა დაიბარა და პირდაპირ უთხრა, დედაშენი თქვენზე არ ფიქრობს, რად უნდა ასეთი რაღაცების წერაო. ეს პიროვნება ბოკერიას ახლობელია. ჩვენ უუფლებონი ვართ, უნდა ვიომოთ, დავსახიჩრდეთ ჩვენი სამშობლოს გულისთვის, სხვამ კი ფუფუნებითა და განცხრომით იცხოვროს.
– განაცხადეთ, რომ სერიოზული პრობლემები შეგექმნათ, რა პრობლემები შეგექმნათ და ვისგან?
– პრობლემები შემექმნა ისეთი ახლობელი ადამიანისგან, რომელიც თანამდებობაზე იყო იმ პერიოდში. ჩემი მისამართით იყო მინიშნებები, რომ უნდა გავჩუმებულიყავი. ჩემს მეუღლესაც საშინელ რაღაცებს მოუყვნენ ჩემზე, თითქოს აგენტი ვიყავი და უმჯობესი იქნებოდა, თუ ქვეყნიდან წავიდოდი. წინააღმდეგ შემთხვევაში სულს გამაფრთხობინებდნენ. როდესაც პატარკაციშვილის შტაბში ვმუშაობდი, მაშინ მოვიდნენ ვიღაც ნიღბიანები და მომიტანეს ფოტოსურათები, სადაც მე და გოგლა ჟვანია ვიყავით და მეკითხებოდნენ, რას ელაპარაკებოდი ჟვანიას, რა იცი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებო.
– ეს ნიღბოსნები ვინ იყვნენ?
– ეს ის პერიოდი იყო, როდესაც პატარკაციშვილზე დიდი ზეწოლები ხორციელდებოდა. სწორედ მაშინ მოვიდნენ ჩემთან ეს ნიღბოსნები. ბუნებრივია, მე არ ვიცი, ვინ იყვნენ ისინი. მინიშნება გამიკეთეს, რომ არ უნდა მელაპარაკა. სხვათა შორის, ჭორებს იმის შესახებ, რაც დღეს ვრცელდება ტელევიზიების მეშვეობით, თითქოს ჟვანია და უსუპოვი ერთად იყვნენ და არატრადიციული ორიენტაციისანი იყვნენ… მაშინაც აქტიურად ავრცელებდნენ.
– ვინ საუბრობდა მაშინ ამაზე?
– უბედური შემთხვევის მეორე დღესვე უცხო პირები დადიოდნენ ეზოში და თითქოს ისე, ყველასთან ლაპარაკობდნენ, ჭორებს ავრცელებდნენ ჟვანიასა და უსუპოვის შესახებ. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ეს სპეციალურად ხდებოდა. დღესაც იგივე ხმებს ავრცელებენ, ეს არის დადგმული სპექტაკლი, რაღაცისთვის საჭირო. მე ამ ვერსიას ვერ გავითავისებ. მე ვითხოვდი, ჩამოდით ირლანდიაში და აქ დამკითხეთ-მეთქი. ჩემმა ადვოკატმა მითხრა, თქვენ ჩვენი მფარველობის ქვეშ ხართ, ჩამოვიდნენ და ჩვენი ადვოკატების თანდასწრებით მოხდება დაკითხვაო. თუმცა არავინ ჩამოსულა.
– თქვენ აცხადებდით, რომ აუცილებლად უნდა დაკითხულიყო ვასილ მაღლაფერიძე…
– რა თქმა უნდა, ეს ბინა ვასილ მაღლაფერიძეს ჰქონდა ნაქირავები. როგორ უარყოფს, ღმერთის არ ეშინია? მე ეს დეტალი იქიდან ვიცი, რომ ეს ბინა ჩემს მეგობარს უნდა ექირავებინა 150 დოლარად, თუმცა შემდეგ ბინის პატრონმა გვითხრა, ვასილ მაღლაფერიძეს მივაქირავე ორმაგ ფასშიო. ვასილ მაღლაფერიძე პირადად ვნახე ორჯერ ამ ბინაში.
– ოდესმე დაგინახავთ იქ ჟვანია?
– არა, არასოდეს.
– ავარიის ფაქტს უკავშირებთ იმ მუქარების გაგრძელებას, რაც, როგორც თქვენ ამბობთ, საქართველოდან წასვლამდე იყო?
– იცით, საქართველოში ყოფნისას ძალიან აქტიური ვიყავი. ვავრცელებდი სააკაშვილის საწინააღმდეგო ფოტომასალებს აქციების დარბევის შესახებ, ვავრცელებდი მიმართვებს ინგლისში, საფრანგეთის, ჰოლანდიის, ამერიკის ხელისუფლების სახელზე, საკონსულოებში ვარიგებდი ფოტომასალებსა და მიმართვის ტექსტებს. ავარიაც სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ამერიკის საკონსულოდან გამოვედი, მარტო ვიყავი იმ დღეს და ორმოციოდე მეტრში მოხდა ავარია, „გოლფის“ მარკის მანქანამ გადამიარა და მეორე მანქანის, ჯიპის ქვემოდან თოთხმეტმა კაცმა ძლივს გამომიყვანა. ეს დეტალები იმ ადამიანების მიერ მიცემული ჩვენებებიდან გავიგე, რომლებიც თვითმხილველები იყვნენ. ამ ფაქტის შემდეგ ერთხელ მოვიდა მხოლოდ პოლიცია და მას შემდეგ ჩემთვის აღარავის მოუკითხავს. სამი თვე კომაში ვიყავი, თერთმეტი ოპერაცია გავიკეთე, სხეულის ყველა ნაწილი დამსხვრეული მქონდა და გადაბმული ვარ შურუპებითა და მეტალოპლასტმასებით.
– თვითმხილველებიდან ვერავინ დაინახა, ვინ იჯდა საჭესთან, ან მანქანა ვერავინ ამოიცნო?
– თვითმხილველების ჩვენებებიდან გავიგე სწორედ ავარიის დეტალები. სხვათა შორის, ერთ-ერთი მათგანი ქართველი იყო.
– სააკაშვილის ხელისუფლებას ადანაშაულებთ, რომ ავარიის გამოძიება არ მოხდა?
– არ ვიცი, თუმცა ჩემი ავარიის პერიოდში სისტემატურად დადიოდნენ ირლანდიაში საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, დედაქალაქის მერი გიგი უგულავა, პრემიერი-მინისტრი ნიკა გილაური. გილაურს, საერთოდაც, ირლანდიაში აქვს განათლება მიღებული.
– ფიქრობთ, რომ ამ ადამიანების ხელი ურევია საქმის გამოძიების შეფერხებაში?
– სხვა რა ვიფიქრო? ეს ხომ დემოკრატიული ქვეყანაა? მაშინ ამდენ ხანს რატომ არ გამოიძიეს ავარიის საქმე? ერთადერთხელ მოვიდა ჩემთან პოლიცია, საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ. და მას შემდეგ აღარავის არაფერი მოუკითხავს. ადვოკატი თავიდან აქტიურობდა, ავარიიდან პირველი წლის განმავლობაში ყოველთვე მოდიოდა, მასალებს მაცნობდა, მეუბნებოდა, მასალები სასამართლოში გადავაგზავნეთ, იქიდან დასტური მოვიდა, რომ განიხილავენ, რადგან მოსაგები საქმეაო. შემდეგ საერთოდ დაიკარგა, კონტაქტზეც აღარ გამოდის ჩემთან. ეს სახაზინო ადვოკატია. მე რომ კერძო ადვოკატი მყოლოდა და ამ საქმით გოგლა ჟვანია დაინტერესებულიყო, შეიძლება ბევრი რამ გარკვეულიყო.
– ირლანდიაში ჩვენი მაშინდელი ელჩი არ დაინტერესებულა თქვენი საქმით, მდგომარეობით?
– დიასპორის ყოფილი მინისტრი, სურგულაძე და კონსული კოპლატაძე, რომლებიც ვალდებული იყვნენ, გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფისთვის, ელემენტარული დახმარება გაეწიათ, არათუ დამეხმარნენ, არც კი დაინტერესებულან. დღეს კი სურგულაძეც და კოპლატაძეც ელჩია, რა შეიძლება ვუწოდოთ ამ საქციელს? კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს მთავრობა ვალდებულია, ყველგან დაიცვას საქართველოს მოქალაქის უფლებები, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ცხოვრობდეს ის. რისთვის არის საჭირო მაშინ საელჩოები და საკონსულოები, რაში გვჭირდება? რისთვის გვყავს დიასპორის სამინისტრო? რა მოვალეობას ასრულებდა სურგულაძე მაშინ? მე შემიძლია, სურგულაძეს იურიდიულად მოვედავო, მაგრამ სასამართლოებში სიარული ჩემთვის საკმაოდ მძიმეა. ორმა მანქანამ გადამიარა და ინვალიდის ეტლში ვზივარ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ეკლესიაში შევხვდით და მკითხა, რატომ დაწერეთ ჩემზე ისეთი ცუდი რაღაცებიო. ვუთხარი, ეკლესიაში ამაზე საუბარი სწორი არ იქნება, გარეთ გამობრძანდით და ვისაუბროთ-მეთქი. მეჩქარებაო და წავიდა, არც მოისურვა ჩემთან ლაპარაკი.
– თქვენ მაშინ საქართველოს მოქალაქე იყავით?
– დიახ. სამი თვეა, რაც ირლანდიის მოქალაქეობა მივიღე და დიდი გამოფენისთვის ვემზადები. მე ვაკეთებ თოჯინებს, უკვე ოცდაერთი თოჯინა მყავს. ასევე გამომყავს ოცდახუთი სახეობის ქართული ყველი, მათგან შვიდი სახეობა დაძველებული ყველია. ოქტომბრისთვის უკვე მზად იქნება. ასე რომ, თუ თავის დროზე საქართველოს ელჩმა ირლანდიაში და კიდევ ვიღაცებმა მიმატოვეს, უფალი ჩემთან არის.
– საქართველოში ჩამოსვლას ხომ არ აპირებთ?
– ჩამოვალ, რა თქმა უნდა. უბრალოდ, ჯერ არ ვიცი, როდის, რადგან დოკუმენტაცია ჯერ კიდევ მოსამზადებელი მაქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები