ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ომბუდსმენის ინიციატივით თეა წულუკიანს შეხვდნენ

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობის საბჭოს წევრები სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილსა და იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ეროვნული უმცირესობების პრობლემებს შეეხო, მათ შორის, მოქალაქეობისა და ისტორიული გვარების დაბრუნებას. როგორც სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ომბუდსმენის დახმარებით, პერმანენტულად შეხვდებიან ხელისუფლების პირველ პირებს და იმსჯელებენ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც მათ აქვთ.

“სახალხო დამცველი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ხელისუფლებასთან, უშუალოდ, ხელისუფლების პირველ პირებთან დიალოგს ხელს უწყობს. ჩვენ ამ დიალოგს ვაგრძელებთ და დღესაც სწორედ ასეთი შეხვედრა მოეწყო იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან. სწორედ ამ დიალოგის რეჟიმში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები მოისმენენ იმ კითხვებზე პასუხს, რაც მათ აწუხებთ. ასეთი საკითხი კი, სამწუხაროდ, ბევრია” , – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ომბუდსმენის ინიციატივით მოწყობილი შეხვედრა ეთნიკური უმცირესობებისთვის პრობლემურ და მათთვის საინტერესო საკითხებს დაეთმობა.
“ჩვენ ომბუდსმენის ინიციტივით შეხვედრა გვაქვს ომბუდსმენთან არსებულ ეთნიკური უმცირესობების საბჭოსთან. ვაპირებთ საინტერესო თემების განხილვას როგორც გერმანულ, ასევე აზერბაიჯანულ, ოსურ, იეზიდთა, რუსულ თემებთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში და ჩვენი ქვეყნის შვილები არიან … ზოგს გვარ-სახელის მოწესრიგების პრობლემა აწუხებს. არის თემი, რომელიც ზრუნავს, რომ ქართული კანონმდებლობის ფარგლებში მათი ისტორიული გვარები აღდგეს. განიხილება ასევე მრავალი სხვა საკითხი, რომელიც მათ აწუხებთ და აინტერესებთ”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობის საბჭოს წევრები სხვა უწყებების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები