რა აკავშირებს ჯოკია ბოდოკიას კეზერაშვილთან?

„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის სერგო ჯავახაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმაც უნდა იცოდეს, რომ თბილისის მერიაში ადგილი აქვს ღალატს და კონკრეტულ ადამიანებთან არსებობს კითხვები. ამის შესახებ ჯავახაძე გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„მე ძალიან მაინტერესებს, რომელი „ქართული ოცნების“ კადრი გეგი ნიჟარაძე იყო, ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსად რომ წამოსვეს, რა დამსახურება აქვს თბილისის წინაშე? 2006 წელს, როცა მე დამაპატიმრეს, ჩემს საქმეში ყველაზე აქტიური იყო სწორედ ნიჟარაძე, ყველაფერს კადრულობდა და ყველა სიბინძურეზე ხელს აწერდა. მე უკვე ციხეში ვიყავი, როცა ეს ადამიანი პირადად ჩავიდა ბორჯომის რაიონში, ჩემს სოფელში და ყაჩაღური გზით თბილისში წამოიყვანა არა მხოლოდ ჩემი მანქანები, ნათესავებისაც და მეგობრებისაც კი. რაც ჩემს სახელზე იყო გაფორმებული, იმას არ დასჯერდა. ასეთებმა მერე იციან ხოლმე თავის მართლება: რა ვქნა, დამავალეს და შევასრულეო. მაშინ ყველამ ძალიან კარგად იცოდა, ჩემი დაპატიმრების დავალება საიდან და ვისგან მოდიოდა, ამ საქმის მოთავეები იყვნენ ირაკლი ოქრუაშვილი და დავით კეზერაშვილი. გეგი ნიჟარაძე ასრულებდა ამ ადამიანების ბინძურ დავალებებს.
იცი, ახლა რატომ ვლაპარაკობ ამ თემაზე? ბიძინა ივანიშვილმაც უნდა იცოდეს, ირაკლი ღარიბაშვილმაც უნდა იცოდეს, რომ თბილისის მერიაში ადგილი აქვს ღალატს და კონკრეტულ ადამიანებთან არსებობს ძალიან სერიოზული კითხვები. ვინც ეს ადამიანები დანიშნა, პასუხისმგებლობაც იმან უნდა აიღოს. როდესაც ჩემი მოყვანილი კადრი, ჩემი მეგობარი, ჩემი ძმა ასეთ რაღაცაში ეხვევა, იმდენი კაცობა უნდა მეყოს, რომ ან წავიდე, ან კიდევ დანაშაული ვაღიარო და სასწრაფოდ ყველაფერი გამოვასწორო. ხომ ხედავ, რომ აქ მარტო ჯოკია ბოდოკია არ არის? ორი დღის წინ სევდია უგრეხელიძემ დაიტრაბახა, მერიიდან ყველა კადრი რომ გაგვითავისუფლონ, ჩვენ ინფორმაცია მაინც გვექნებაო. თუ მერიაში ტოტალური კორუფციაა, ამაზე ინფორმაციას ვინ გამოიტანს, რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, ასეთი რამ არ ხდებოდეს. ჩვენ დღეს ვდგავართ კონკრეტული ფაქტის წინაშე, გეგი ნიჟარაძე არის დავით ნარმანიას კადრი, რომლის ხელქვეითიც იღებს ამხელა ქრთამს. მორჩა, დამთავრდა, ნება იბოძე და პასუხი აგე. ნიჟარაძე ასეთ სამსახურს აღარ უნდა ხელმძღვანელობდეს, ავტომატურად უნდა გაეშვათ. როცა „ქართულმა ოცნებამ“ ზედამხედველობის სამსახურის უფროსად დანიშნა, გაოცებული დავრჩი და აჰა, შედეგიც სახეზეა“, – განაცხადა ჯავახაძემ „ალიასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები