გიგი უგულავა: საჯაროდ მოვიხადე ბოდიში…

10 წელი მე პრაქტიკულად ქვეყანას ვმართავდი და ქვეყნიდან წასვლა რომ მდომებოდა, ისე წავიდოდი, რეპუტაციას არ შევილახავდი, – ამის შესახებ დედაქალაქის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.
“კიევში მივდიოდი და საღამოს უკან ვბრუნდებოდი, კლიჩკოს და უკრაინის პატრიარქს უნდა შევხვედროდი. როდესაც ამბობენ, მიმალვა უნდოდაო, ეს არასწორია. კიშინიოვში გადავდე შეხვედრა, რადგან გამოძიებამ ოთხჯერ შეცვალა დღის წესრიგი. ყველანაირად ვცდილობდი, გამოძიებისთვის მომერგო ჩემი გადაადგილებები. ადამიანებს უნდა აკავებდნენ მოსამართლეები და არა პროკურორები. მე მოვიქეცი, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, რადგან მოწმის სტატუსით ვიყავი დაბარებული“, – განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, მის მიმართ 2012 წლის შემდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
“ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას ჰქონდა პარანოია და დამაკავეს. რაც შეეხება მარნეულის ეპიზოდს, საჯაროდ მოვიხადე ბოდიში, რომ ჩემი ქცევის სტანდარტები ბოლომდე არ აკმაყოფილებდა მიღებულს. თუ მე დანაშაული ჩავიდინე, იქ უამრავი პოლიციელი იყო და რატომ არ დამაკავეს? პროკურატურას, პოლიციას არ გამოუძიებია, ვინ ზემოქმედებდა მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე. რატომ ვარ მარტო მე ბრალდებული, როდესაც იქ ძალიან ბევრი ადამიანი იყო, პოლიტიკურად ჩემზე მაღალი თანამდებობის პირები,” – განაცხადა გიგი უგულავამ. მანვე გამოსვლაში საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს უპასუხა.
საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში გიგი უგულავას სასამართლო სხდომა მიმდინარეობს, სადაც მოსამართლე დედაქალაქის ყოფილი მერისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლაზე მსჯელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები