„ბიძინა ივანიშვილს ფეისბუქით მადლობა ჩემმა შვილმა გადაუხადა”
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნინო გვენეტაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ბიძინა ივანიშვილისთვის ფეისბუქის მეშვეობით მადლობის გადახდის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
როგორც ნინო გვენეტაძემ განმარტა, სოციალურ ქსელში კომენტარი მისი 11 წლის გოგონამ გააკეთა. “მე ბიძინა ივანიშვილისთვის არასდროს გადამიხდია მადლობა. რაც შეეხება იმ კონკრეტულ სტატუსს, განვმარტავ, რომ გაუგებრობა აღარ არსებობდეს – ეს იყო ჩემი 11 წლის გოგონას დამოკიდებულება და არ იყო ჩემი”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ. გვენეტაძემ ყოფილ პრემიერ- მინისტრთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, ის მართლმსაჯულების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრია და ივანიშვილთან შეხვედრაც ამ ფორმატში შედგა. “მე ვარ იურისტი და გარკვეული პროფესიული გამოცდილების მქონე. 2012 წლის არჩევნების პერიოდში მე აქტიურად, ჩემი პროფესიული და არა პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, ვმონაწილეობდი იმ სამართლებრივ ჯგუფში, რომელიც სასამართლო, პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმირების მიმართულებით მუშაობდა. რასაკვირველია, ამ ჯგუფს, რომელსაც მინდია უგრეხელიძე ხელმძღვანელობდა, ჰქონდა საკუთარი ხედვები და კონცეფციები მართლმსაჯულების სისტემის სამომავლო მოწყობასთან დაკავშირებით. ასეთი შეხვედრა ნამდვილად შედგა და ჩვენი ჯგუფის სახელით მეც სხვა მომხსენებლებთან ერთად გავაკეთე მოხსენება მართლმსაჯულების რეფორმის საკითხზე, მაგრამ ეს არ ყოფილა ინდივიდუალური შეხვედრა. ეს იყო ჯგუფის შეხვედრა. იქ უამრავი მომხსენებელი იყო და ერთ-ერთი ვიყავი მეც. შეგიძლიათ, ამოიღოთ ჩანაწერები და ნახავთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე არათუ ჩემს კანდიდატურაზე, ზოგადად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზეც კი არ უსაუბრიათ”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.