სამხედროებმა ჩხრეკა-კორდონის ოპერაცია განახორციელეს

  საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო-სადაზვევრო ბატალიონის „ალფა“ ასეულის სამხედროებმა გერმანიაში, ჰოჰენფელსში აშშ-ის გაერთიანებულ მრავალეროვნულ მზადყოფნის ცენტრში ჩხრეკა-კორდონის ოპერაცია განახორციელეს. ოპერაცია მრავალეროვნულ მზადყოფნის ცენტრში ავღანეთში, საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების (ISAF) მისიაში გადასროლისწინა ერთთვიანი წვრთნის ფარგლებში ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „ალფა“ ასეულის ქართველმა სამხედროებმა მრავალეროვნულ მზადყოფნის ცენტრში მოწყობილ იმიტირებულ ავღანურ სოფელში ამბოხებულთა სამალავის აღმოჩენის მიზნით, კორდონი მოაწყვეს. წინასწარი ინფორმაციით, სამალავში ასაფეთქებელი ნივთიერება ინახებოდა. ოპერაციის დროს ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა მოწინააღმდეგის მხრიდან მთავარი სამიზნის მოკვლევა და შესაძლო თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენა იყო. მისიის დამკვირვებლის, აშშ-ის არმიის კაპიტანის, ანდრეს დონოსოს თქმით, ქართულმა ასეულმა წარმატებით განახორციელა კორდონის მოწყობა და სოფელში უსაფრთხოების სწრაფი უზრუნველყოფა. სოფლის გარშემო კორდონის მოწყობის შემდეგ, ოპერაციის უშუალოდ დაწყებამდე, ქართველი სამხედროები სოფლის უხუცესებსა და პოლიციის ხელმძღვანელს გაესაუბრნენ, თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერების საცავის სავარაუდო ადგილმდებარეობის გაგების მიზნით.
ჯარისკაცებმა წარმატებით აღმოაჩინეს საცავში არსებული ასაფეთქებელი ნივთიერების სავარუდო სახეობის შესახებ ინფორმაცია.
„ოპერაციის დროს რადიოოპერატორებს, დამკვირვებლებსა და საჰაერო-საზღვაო ძალების მეკავშირე ასეულს ძალიან კარგი შიდა კომუნიკაცია ჰქონდათ. სწრაფი რეაგირების ძალებმა მშვენივრად იმოქმედეს. ისინი საპასუხო რეაგირებას ბრძანების მიღებისთანავე ახორციელებდნენ“, – განაცხადა ქართული „ალფა“ ასეულის წვრთნის ჯგუფის წევრმა, სერჟანტმა მეთ გოინგსმა.
იმავე დღეს, ამოცანის წარმატებით განხორციელების შემდეგ, ქართველმა სამხედროებმა ოპერაციის რაიონის პატრულირება და ადგილობრივ უხუცესებთან და პოლიციის ოფიცრებთან თანამშრომლობა განაგრძეს.
„ეს ქვედანაყოფი განსაკუთრებულია. მათ ამოცანის შესრულება როგორც პატარა ზომის ქვედანაყოფის, ასევე გაერთიანებული ძალებითაც უხდებოდათ. თითოეული ამოცანის შესრულებისას, მათი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად განვითარდა. თითოეული სიტუაციის დროს მათი ანალიზი ტაქტიკაში იზრდება. ასევე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი სამხედროები კარგად ხვდებიან ავღანელების ტექნიკას, ტაქტიკასა და პროცედურებს, რაც მათ ოპერაციის შესრულების არეალში წარმატების მიღწევაში დაეხმარება“, – განაცხადა ქართული სამთო-სადაზვერვო ბატალიონის წვრთნის მეკავშირე ჯგუფის წევრმა, უფროსმა ლეიტენანტმა ბენჟამინ ზამშტაინმა. გერმანიაში, ჰოჰენფელსში, აშშ-ის გაერთიანებულ მრავალეროვნულ მზადყოფნის ცენტრში გადასხმისწინა საბოლოოს წვრთნის გავლამდე, თითოეული ქართული კონტინგენტი ექვსთვიან მომზადებას საქართველოში გადის. გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში ქართველი სამხედროების ISAF-ის მისიაში გადასროლისწინა წვრთნას ევროპაში, აშშ-ის ქვეითი საზღვაო ძალების სარდლობა მეთვალყურეობს, ხოლო საზღვაო ქვეითთა ძალების უსაფრთხოების ჯგუფი ქართული ბატალიონების წვრთნებზეა პასუხისმგებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები