თბილისში 544 სტომატოლოგიური კლინიკიდან 70 -მდე კლინიკაში დარღვევა აღმოჩნდა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, თბილისში 544 სტომატოლოგიური კლინიკიდან 70 -მდე კლინიკაში დარღვევა აღმოჩნდა. მისივე თქმით, სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგმა ცხადყო, რომ სერიოზულად არის საქმე და ბევრი რამ გასაკეთებელია.
„თბილისში, 544 სტომატოლოგიური კლინიკიდან, დაახლოებით 70-მდე კლინიკაში დარღვევა აღმოვაჩინეთ. 38-ზე ცოტა მეტი კლინიკა ყოველგვარი შეტყობინების გარეშე მუშაობდა. ისინი ეწეოდნენ არაკანონიერ სამედიცინო საქმიანობას. 20 კლინიკაში ერთჯერადი ინსტრუმენტები მრავალჯერადი ჰგონიათ. დაახლოებით 45 კლინიკა დაკეტილი დაგვხვდა. რატომ კეტავენ კლინიკებს მონიტორინგის მიმდინარეობისას, ალბათ კარგად გესმით, თუმცა, ჩვენ არ შევეშვებით, გავაგრძელებთ და იმ კლინიკებშიც შევალთ, რომელიც დღეს დაკეტილია, რადგან ამის დატოვება ნამდვილად არ შეიძლება. ეს არის ძალიან მაღალი რისკი და ამ რისკს ჩვენ ვერ დავუშვებთ”, – აღნიშნა ვალერი კვარაცხელიამ.