დავით საგანელიძე: უკრაინის ელჩი სააკაშვილის პოროშენკოს მრჩევლად დანიშვნას არასწორად აანალიზებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე თვლის, რომ უკრაინის ელჩი ვასილი ციბენკო პოროშენკოს მრჩეველად ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დანიშვნას არასწორად აანალიზებს.
“ძალიან ვწუხვარ, ბატონი ელჩი არ აკეთებს სწორ ანალიზს იმ მხრივ, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არის ერთი, მაგრამ კითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულება გააჩნია ყველას, მითუმეტეს, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს თუ თანამდებობის ყოფილ პირებს. როცა არსებობს კითხვები, აღძრულია საქმე, როცა განაჩენიც დაუსწრებლად გამოტანილია და ის არ ჩამოდის, არ პასუხობს კითხვებს, იგნორირებას უკეთებს სამართალდამცველ უწყებებს, რომელ უდანაშაულობის პრეზუმფციაზეა საუბარი”,- განაცხადა საგანელიძემ.
უკრაინის ელჩის თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლო გადაწყვეტილება არ არის და მასზე უდანაშაულობის პრეზუმფცია ვრცელდება. მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა უკრაინის გადასაწყვეტია, რადგან ის დამოუკიდებელი სახელმწიფოა და უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები