ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ

“რესპუბლიკური პარტიის“ და “თავისუფალი დემოკრატების“ დაახლოების შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ. ფრაქცია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის მიერ გაკრიტიკებული პოლიტიკოსები უნდა დაფიქრდნენ.
“დასაფიქრებელია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, რომელთა მისამართითაც კრიტიკა ისმის, თუმცა მე ვერ ვიტყოდი, რომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ ერთადერთია, ვინც თუნდაც “რესპუბლიკელებს“, “ქართულ ოცნებას“, “თავისუფალ დემოკრატებს“, ან სხვა ჯგუფებს აკრიტიკებს და საკმაოდ მწვავედაც“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები არ ეფუძნება ემოციურ განწყობებს.
ბესელიას განცხადებით, ექსპრემიერის შეფასებები ყოველთვის საინტერესოა.
„შეფასებები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს – ეს არის მისი ანალიზი, ვფიქრობ, ყოველთვის საინტერესოა მისი შეფასებები და ხედვა, რომელიც არ ეფუძნება ხოლმე ემოციურ განწყობებს, განცხადებებს და  საკმაოდ ხანგრძლივი დაკვირვებისა და შედარების შედეგად არის გაკეთებული“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, კარგი იქნება, სანამ რომელიმე პოლიტიკოსი, ან პოლიტიკური ძალა დამოუკიდებელ განცხადებას გააკეთებს ამა თუ იმ თემაზე, ეს თემა კოალიციის შიგნით იქნას განხილული.
“კარგი იქნება, სანამ რომელიმე პოლიტიკოსი, ან პოლიტიკური ძალა დამოუკიდებელ განცხადებას გააკეთებს ამა თუ იმ თემაზე, ჯერ განვიხილოთ კოალიციის შიგნით და იქ ვცადოთ კონსენსუსის მიღწევა,” – განცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
“რესპუბლიკელები” ვერ მალავენ და ალასანიას უჭერენ მხარს, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრემიერმა “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
“პირადულს ადამიანს ყოველთვის იოლად ვაპატიებ. ამაზე ჩემი მეუღლე ხშირად მეუბნება, ნებისმიერს შეგიძლია პირადული ყველაფერი აპატიოო. კარგი მაგალითი გამახსენდა, „ქართუ ბანკთან” დაკავშირებით არაკანონიერ ქმედებაში წვლილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც ჰქონდა, მაგრამ განცხადება არ გამიკეთებია, რაზეც ნოდარ ჯავახიშვილი  ძალიან უკმაყოფილო იყო. საკითხი თუ პირადულს ეხება, კი ბატონო, საერთო საქმეზე კი თვალს ვერ დავხუჭავ. რაც შეეხება ე.წ. კაბელების საქმეს, ალასანიამ და მისმა თანაგუნდელებმა ვერ აჩვენეს, რომ პროკურატურამ კანონი დაარღვია. მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ გუნდში. იმდენად უნდათ, მხარი დაუჭირონ ერთ პიროვნებას, რომ სახელმწიფო ავიწყდებათ. თვითონ რომ გაუჭირდებათ, მაშინ აღარ ვარგა პროკურატურა, ეს არის პოზიცია? კონკრეტულად აჩვენონ, სად ნახეს პროკურატურისგან კანონდარღვევა? ცდილობენ, პოლიტიკურად წაიყვანონ პროცესი. კეთილი ინებონ და პროკურატურას ხელი შეუწყონ. ისე, ალასანიას გუნდის წევრები ამ საკითხზე რატომ არ ითხოვენ პარლამენტში კომისიის შექმნას? მსგავსი განცხადებები მათგან არ მახსოვს, ჩაერთონ და ნახონ. იგივე “რესპუბლიკელები”, რომლებიც ვერ მალავენ და ალასანიას მხარს უჭერენ, ხელოვნურად აგორებულ თემებზე რომ კომისიას ქმნიან, შეამოწმონ პროკურატურა ამ ნაწილშიც. ამის ნაცვლად, მხოლოდ ზოგად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და პროკურატურას პირდაპირ ემუქრებიან. იმას კი არ ამბობენ, დაკავებულები დამნაშავეები არიან თუ არა, მთავარ პროკურორს დავიჭერთო, აცხადებენ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები