ქალთა საქველმოქმედო სპორტულ-გასართობი ტურნირისთვის მზადება დაიწყო
“ღვთის შვილთა კავშირის“; ქალთა ორგანიზაცია „თამარიონისა“ და შპს SNBG-DENTAL-ი თაოსნობით, ქალთა საქველმოქმედო სპორტულ-გასართობი ტურნირი გაიმართება. როგორც კომპანიების წარმომადგენლებმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტეს, შეჯიბრებები ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ბილიარდსა და ტყვიის სროლაში ჩატარდება.
როგორც ტურნირის ორგანიზატორებმა განაცხადეს, სხვადასხვა კომპანიებს საშუალება ექნებათ, თავიანთი ორგანიზაციის სახელით ტურნირზე 20 ქალბატონისგან შემდგარი გუნდი წარადგინონ და თითო სახეობაში 5 მანდილოსნით წარდგნენ. ორგანიზატორების თქმით, კარგი იქნება, თუ კომპანიები გუნდებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალბატონებსაც ჩასვამენ.
„ეს ტურნირი არაპროფესიონალ სპორტსმენ ქალთა შორის გაიმართება, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტის პროპაგანდას შეუწყობს ხელს. საკუთრივ „ღვთის შვილთა კავშირი“ სისხლხორცეულად ვართ დაინტერესებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა აქტივობის ამაღლებით. ეს ტურნირი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა პროგრამის ამოქმედებას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა ნონა კენჭუაშვილმა.
შპს SNBG-DENTAL-ი გენერალური დირექტორის დავით აბრამიშვილის განცხადებით, ტურნირში მონაწილეობის საფასური 2 000 ლარს შეადგენს. ამავე თანხით მოხდება პროფესიონალი მსაჯებისა და მოედნების დაქირავება, დარჩენილი თანხა კი „ღვთისშვილთა კავშირის“ ანგარიშზე გადაირიცხება. ტურნირი 3 მარტს საბილიარდო კლუბ „რიოში“ გაიხსნება.