„განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის მოთხოვნით, პოლიტიკური შეხედულებების გამო, პედაგოგზე დისციპლინური დევნა დაიწყო“

„საჯარო სკოლებში მასწავლებელთა მიმართ პოლიტიკური დევნა დაიწყო“,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „საგანმანათლებლო ალიანსის“ წარმომადგენლებმა გააკეთეს.
როგორც ორგანიზაციის თანათავმჯდომარემ მარიამ რამინაშვილმა განმარტა, განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლის პედაგოგის საქმიანობის მოკვლევა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა, აუდიტის სამსახურმა კი, თავის მხრივ, სკოლის დირექტორს მასწავლებლის მიმართ დისციპლინარული საქმის წარმოება დაავალა.
განათლების სამინისტროს მხრიდან პედაგოგით დაინტერესების მიზეზი, რამინაშვილის თქმით, სამინისტროში მოქალაქისგან შესული წერილი გახდა. წერილის თანახმად, მოქალაქე პედაგოგს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებაში და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერაში ადანაშაულებს.10998085_926085294102982_2450872375983573393_n
„მიმდინარე წლის 2 თებერვალს თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში შედის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილი, რომლის მიხედვითაც გენერალური ინსპექციის უფროსი ონოფრიშვილი სკოლის დირექტორისგან ითხოვს საჩივრის განხილვას, სადაც სკოლის ერთ-ერთ თანამშრომელს ადანაშაულებენ მმართველი პარტიისადმი არალოიალურ დამოკიდებულებაში. კერძოდ, საჩივარში მოხსენებულია, რომ სკოლის ეს თანამშრომელი “ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრია”; ასევე საჩივარში განმარტებულია, რომ ხსენებული პიროვნება “ძალიან ცუდად არის განწყობილი პოლიტიკური მოძრაობის “ქართული ოცნების” და, საერთოდ, მისი წევრების მიმართ”. ონოფრიშვილი სკოლის დირექტორს სთხოვს, აღნიშნული საჩივრის განხილვის შედეგები აცნობოს შიდა აუდიტის დეპარტამენტს. საჩივარში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, კერძოდ, ხულიგნობა, რის გამოც მომჩივანი განათლების მინისტრს მიმართავს შემდეგი თხოვნით: “გთხოვთ, განცხადება-საჩივარი განიხილოთ და დაიწყოთ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა”. მაშასადამე, საჩივარში მოყვანილია ორი საკითხი, რაც გენერალური ინსპექციის დავალებით სკოლამ უნდა განიხილოს: 1. სკოლის თანამშრომლის არალოიალური დამოკიდებულება “ქართული ოცნების” მიმართ; 2. თანამშრომლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხი. ძნელი წარმოსადგენია, გენერალური ინსპექციის მოთხოვნის თანახმად, როგორ უნდა განიხილოს საჯარო სკოლამ სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხი, თუმცა სკოლის თანამშრომლის მხრიდან პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვა, თუნდაც, მაგალითად, ცხარე დისკუსიის ფორმატში„ ახლად მიღებული რეგულაციების თანახმად, სკოლის დასაბუთებული ინტერესის საფუძველზე, შესაძლოა პედაგოგის დისციპლინური დევნის და, მეტიც, გათავისუფლების საფუძველი გახდეს“, -აღნიშნა მარიამ რამინაშვილმა.
„საგანმანათლებლო ალიანსის“ თანათავმჯდომარის დავით ლაგვილავას განმარტებით, განათლების სამინისტროს არასაგაკვეთილო საათებში მასწავლებელთა ქმედებების კონტროლის და მათი ქმედებების პოლიტიკური დევნის იარაღად გამოყენების შესაძლებლობას მასწავლებელთა დისციპლინური დევნის დოკუმენტი აძლევს, რომელიც, ლაგვილავას განცხადებით, სამინისტრომ დაჩქარებული წესით და გასაიდუმლოებულად მიიღო.
„ 2014 წლის 30 დეკემბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაჩქარებული წესით და გასაიდუმლოებულად მიიღო მასწავლებელთა დისციპლინური დევნის დოკუმენტი, სადაც მოცემულია რეგულაციები, რომლის მიხედვითაც პედაგოგთათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება და სამსახურიდან გათავისუფლება ისეთი მოტივებით ხდება შესაძლებელი, რაც შესაძლოა, საერთოდაც არ უკავშირდებოდეს პედაგოგის სასკოლო და პროფესიულ საქმიანობას. პედაგოგიურ წრეებში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ აღნიშნული დუკუმენტის შექმნა სამინისტროს შესაძლოა, ცალკეული პედადოგების დევნისთვის გამოეყენებინა პირადი თუ პოლიტიკური შეუთავსებლობის შემთხვევაში“,- აღნიშნა დავით ლაგვილავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები