გულიკო ზუმბაძე სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე, მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გამართულ, სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, სადაც ბავშვთა ნახატების გამოფენა გაიმართა.
დეპუტატის განცხადებით, თბილისის საკრებულომ მიმდინარე წელს ბიუჯეტში პირველად შეიტანა სპეციალური მუხლი ლეიკემიის მკურნალობის დასაფინანსებლად, კერძოდ ძვლის ტვინის გადანერგვის ძვირადღირებული ოპერაციის ჩასატარებლად 4 მილიონი ლარის ოდენობით.
“15 თებერვალს მთელს მსოფლიოში აღნიშნება სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა საერთაშორისო დღე, რასაც სათავე დაუდო სიმსივნით დაავადებულ ბავშვების მშობელთა კონფედერაციამ. მასში გაერთიანებული 90 ქვეყნიდან ერთ-ერთი საქართველოა. ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია სერიოზულად მუშაობს ამ პრობლემაზე. დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმაზე, რომ ბავშვებზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ ისინი იმსახურებენ ყველაფერს საუკეთესოს, რომ დროულ მკურნალობასა და პრევენციული ღონისძიებების გატარებისათვის სამთავრობო ორგანიზაციებმა მეტი უნდა გააკეთონ, რათა, როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში რაც შეიძლება მეტი ბავშვი იყოს დაცული და ბედნიერი”-განაცხადა გულიკო ზუმბაძემ. ღონისძიება ხუთი ორგანიზაციისაგან შემდგარი საკორდინაციო ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა, რომლის შემადგენლობაშიც იაშვილის სახ.საავადმყოფოს, ონკო-ჰემატოლოგთა კავშირი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ და მშობელთა ორი ორგანიზაცია შედის. სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა“ნიჭიერთა ათწლედი”-ს აღსაზრდელებმა გააფორმეს.