“მინდია ჯანელიძემ აბსოლუტურად სხვა რელსებზე გადაიყვანა საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა”
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, ახალგაზრდული ფრთის ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ სოციალური ქსელით მიმართავს და აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრები დეზინფორმაციებს ავრცელებენ.
„დღეს თქვენ ითხოვთ თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის გადაყენებას. მოგყავთ ათასნაირი მიზეზი, მაგრამ არ ამბობთ მთავარს, თუ რეალურად რატომ გაწუხებთ მინდია ჯანელიძის პოლიტიკური არსებობა.
დღეს მინდია ჯანელიძემ მოახერხა იმდენი, რაც არ მომხდარა საქართველოში ახალი ხელისუფლების პირობებში. დღეს მინდია ჯანელიძემ აბსოლუტურად სხვა რელსებზე გადაიყვანა საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა. მან მოახერხა, რომ საქართველოში აშენდება ნატოს საწვრთნელი ცენტრი. მინდია ჯანელიძემ შეძლო ის, რომ ჩაშალა და დაბლოკა თქვენი კონტაქტები ნატოს ხელმძღვანელობასთან და დღეს თქვენ უკვე ვეღარ ახერხებთ გაიტანოთ საქართველოდან დეზინფორმაცია, თითქოს ქვეყანა აsცდა კურსს და ვეღარ ქმნით ნატოს მაღალჩინოსნებში ამინდს, რომ თქვენ ხართ პროდასავლურობაზე ექსკლუზივის მქონე პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოში“, – წერს ოთარ აბესაძე.
„ნაცმოძრაობის“ ბოლოდროინდელ განცხადებებს აბესაძე ავანტიურად აფასებს და ამბობს, რომ ეს ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული.
„კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ, ამხანაგებო. ეს არის თქვენი მორიგი ავანტიურა და მავნებლობა მიმართული საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, არაფერი არ გამოგივათ. მინდია ჯანელიძე არის ძალიან წარმატებული მინისტრი, რომელმაც შეძლო და აბსოლუტურად სხვა საფეხურზე აიყვანა საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა და გილოცავთ, ეს არის მოსალოცი. გილოცავთ, რომ საქართველომ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა ნატოში გაწევრიანების გზაზე“, – წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ოთარ აბესაძე.