ვალერი ზუმბაძე ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე ვალერი ზუმბაძე ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს. ის ასევე ეხმაურება პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის ბრალდებას, რომ როდესაც ლაფანყურის სპეცოპერაცია დასრულდა, ცოცხლად გადარჩენილები თურქეთის საზღვართან ზუმბაძემ გააცილა.
ზუმბაძე ცისკარიშვილს იაფფასიან მატყუარას უწოდებს. „სოსო ცისკარიშვილი, ჩემი შეფასებით, არის იაფფასიანი მატყუარა, ხოლო მისი ბრალდებები აბსურდულია. მას ვურჩევდი, სანამ რაიმე ახალ ტყუილს მოიგონებს, კარგად გაერკვეს საკითხში, რათა მისი სიცრუე ასე ადვილად მისახვედრი არ გახდეს. რაც შეეხება მის ბოდვას, ლაფანყურის ინციდენტის დროს ვმუშაობდი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილში. ზოგადად, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, ტერორიზმის მიმართულებით არ ეწევა საქმიანობას და მით უმეტეს, გამომძიებელს არანაირი შეხება არ შეიძლება ჰქონდეს საკითხებთან, რაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე ხდება. სისულელეა, რომ თითქოს „ბოევიკები“ მე შემოვიყვანე, ხოლო შემდეგ გავატარე.
ლაფანყურის ინციდენტზე საქმე აღიძრა 2012 წლის 28 აგვისტოს კახეთის შს მთავარ სამმართველოში, შემდეგ საქმე წარმოებაში იყო სხვადასხვა საგამოძიებო ორგანოში, კერძოდ, კახეთის საოლქო პროკურატურაში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში, გენერალურ პროკურატურაში. კონტრდაზვერვის დეპარტამენტს საქმე წარმოებაში გადმოეცა 2012 წლის დეკემბერში, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ. საქმე ფაქტობრივად იყო განადგურებული – მტკიცებულებები გამქრალი, უფრო მეტიც, საქმეში არ იყო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელიც არის ძირითადი საწყისი ეფექტური და სწორხაზოვანი გამოძიებისთვის. მას შემდეგ, რაც საქმე გადაეცა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, გამოძიება წარიმართა აქტიურ რეჟიმში. ამჟამად, საქმე თითქმის გახსნილია. შესაბამისად, თუ ვინ შემოიყვანა ჩრდილოეთ კავკასიელი მებრძოლები საქართველოში, ვინ დააბინავა და ვინ გაიყვანა, ამ კითხვებზე პასუხს გასცემს გამოძიება, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს და იმედია, ახლო მომავალში დასრულდება“, – განაცხადა ზუმბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები