ელისო ჩაფიძე: უმრავლესობაში არავითარი დაპირისპირება არ არსებობს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გუშინ გავრცელებულ საგანგებო განცხადებას დეპუტატი ელისო ჩაფიძე ეხმაურება.
მისი თქმით,უმრავლესობაში დაპირისპირება არ არის. იგი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შეთანხმებას მიაღწევს.
„არავითარი დაპირისპირება უმრავლესობაში არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული ემოციური გამონათქვამები. დარწმუნებული ვარ, განვიხილავთ ამ საკითხებს და შევძლებთ ერთიან პოზიციებზე შეჯერებას. ის, რომ დეპუტატებმა ხმა ამოიღონ და მოითხოვონ გარკვეული ინფორმაციის მიღება, საპარლამენტო კონტროლის განხორციელება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული“, – განაცხადა ჩაფიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გუშინ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა შერჩევის დამატებითი კრიტერიუმები უმრავლესობის ფარგლებში არც განხილული და არც შეთანხმებული არ ყოფილა.
„უმრავლესობის წევრები ამის შესახებ პოსტ-ფაქტუმ ვიგებთ. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ოთხი დამატებითი კრიტერიუმიდან ერთი -„კანდიდატი თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გავლენისგან“, გაგებული იქნა, როგორც პოლიტიკური საქმიანობით დაკავებული პირების, ადგილობრივ თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში მომუშავე ადამიანების მდგომარეობის ამსახეველად და, აქედან გამომდინარე, დამაბრკოლებელ გარემოებად კანდიდატურების შერჩევისას.
მიგვაჩნია, რომ ეს არაკონსტიტუციური კრიტერიუმია. ეწინააღმდეგება როგორც კონსტიტუციას, ასევე ლოგიკასაც. კანონი არ უკრძალავს არც პარტიის წევრს, არც ადგილობრივ ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოში არჩეულ თუ დანიშნულ მოხელეს ან კიდევ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირს, შეცვალოს თავისი საქმიანობის სფერო. ვერავინ ვერ იქნება გარანტი იმისა, რომ თუნდაც ე.წ. „არაპოლიტიკური“ სფეროდან შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ არ მოექცევა“, – აღნიშნულია განცხადებაში.