„პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლება არ ნიშნავს, რომ პარტიის წევრის მიმართ დისკრიმინაცია მოხდეს“
პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესზე ისაუბრა.
ნაჭყებიას თქმით, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება თავისუფალი, თუ ხელისუფლების მხრიდან ამის პოლიტიკური ნება იარსებებს. „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი პოლიტიკური გავლენის რისკებსაც გამოეხმაურა.
მისი თქმით, თუ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის კანდიდატს ჩააგდებს, ეს იმის დადასტურება იქნება, რომ მათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ საკუთარი გავლენის ქვეშ მყოფი პირის გაყვანა სურთ.
„მე ძალიან მომწონს თვითონ შერჩევის პროცესის მიმდინარეობა. ასე ფართო დისკუსია ალაბათ არცერთ თემაზე აქამდე არ ყოფილა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე პარტიის წევრის მიმართ დისკრიმინაცია მოხდეს და ვინმემ ასეთ კანდიდატს მონაწილეობა აუკრძალოს, თუმცა უზენაესი სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი საერთოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრიც კი არ ყოფილა, მაგრამ ყველამ იცის, რომ ის მათი კადრი იყო. თუ „ქართული ოცნება“ დაბლოკავს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სურთ, საკუთარი გავლენის მქონე ფიგურა დანიშნონ თავმჯდომარედ. საბოლოოდ ამით მივიღებთ მხოლოდ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად სასამართლო სისტემის მართვას სხვა პოლიტიკური ძალა – „ქართული ოცნება“ განახორციელებს. დღეს მე ვერ ვხედავ, ხელისუფლებაში არსებობდეს იმის ნება, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყოს. სასამართლო დღესაც პოლიტიკური ნიშნით გამოიყენება“,- აღნიშნა მანანა ნაჭყებიამ.