მწერალი ნოდარ წულეისკირი გარდაიცვალა

83 წლის ასაკში მწერალი ნოდარ წულეისკირი გარდაიცვალა.
ნოდარ წულეისკირი 1932 წლის 5 მარტს მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში დაიბადა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1956 წლიდან. 1958 წელს გამოქვეყნდა მისი ნოველები ჟურნალ „ცისკარში“. 1957 წლიდან ნოდარ წულეისკირი, სხვადასხვა დროს, მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში უფროს რედაქტორად, ჟურნალ „დილას“ პასუხისმგებელ მდივნად, „ცისკრის“, „მნათობის“ განყოფილების გამგედ, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რედაქტორად. 1990 წლის ნოემბერში დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრად. 1991 წლის 9 ივლისიდან 1992 წლის 19 მარტამდე იყო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.
არის არაერთი კრებულის, რომანის, მოთხრობის, ფილმ „მონანიების“ სცენარის ავტორი. მისი ცალკეული ნაწარმოებები თარგმნილია უკრაინულ, სომხურ, რუსულ, უზბეკურ, ლიტვურ, გერმანულ, პოლონურ, რუმინულ ენებზე. 1992 წლიდან, თბილისიდან წასვლის შემდეგ, მუშაობდა სოფელ წერაქვში, სკოლის დირექტორად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1990-1990 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი იყო.
2008 წელს დაჯილდოვდა ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიით, 1958 წელს – საქართველოს მწერალთა კავშირის პრემიით.
ნოდარ წულეისკირს 15 თებერვალს ოჯახის სურვილით სოფელ წერაქვში დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები